ცნობილი კომპოზიტორი და საგუნდო მუსიკის დიდოსტატი – იოსებ კეჭაყმაძე 85 წლის გახდებოდა

ცნობილი კომპოზიტორი და საგუნდო მუსიკის დიდოსტატი იოსებ კეჭაყმაძე 85 წლის გახდებოდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჩენილმა ქართველმა კომპოზიტორმა, პედაგოგმა, საზოგადო მოღვაწემ, საქართველოს სახალხო არტისტმა იოსებ კეჭაყმაძემ დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტი (პედაგოგები ი. ტუსკია და დ. თორაძე). ამავდროულად, მუშაობდა კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო კათედრაზე გამოჩენილი დირიჟორის, ოდისეი დიმიტრიადის, კონცერტმაისტერად. 1968-2007 წლებში იყო კონსერვატორიის პედაგოგი, 1980 წლიდან კი – საგუნდო-სადირიჟორო კათედრის გამგე.
„კომპოზიტორისა და საგუნდო მუსიკის კლასიკოსის შემოქმედება აღმოცენდა ქართული ხალხური მრავალხმიანობის ტრადიციებიდან. მან საგრძნობლად გააფართოვა საგუნდო ხელოვნების ჟანრების, ფორმებისა და იდეების, გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების წრე. მის შემოქმედებას ასაზრდოებს გამოჩენილი ქართველი პოეტებისა და ზეპირსიტყვიერების ოსტატთა ნაწარმოებები.
იოსებ კეჭაყმაძე, ძირითადად, მოღვაწეობდა საგუნდო ჟანრში – A cappella. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგუნდო ციკლები: „ფშაური იდილიები“, ხუთი პარაფრაზი ციკლიდან „ძველი თბილისის სიმღერები“, „დავითიანი“, „დაბნელდა სული“, „ამერ-იმერი“, „წუთისოფლის სამდურავები“, აგრეთვე – გალაკტიონ ტაბიძის, ტერენტი გრანელისა და ხალხური ლექსების საფუძველზე დაწერილი საგუნდო ნაწარმოებები.
გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, ანუ იმ პერიოდიდან მოყოლებული, როცა საეკლესიო მუსიკა აკრძალული იყო, კომპოზიტორი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ქმნიდა საგალობლებს, რომლებსაც დღემდე გალობენ ჩვენს ტაძრებში.
1995 წელს იოსებ კეჭაყმაძეს მიენიჭა შოთა რუსთაველის პრემია სიონის საკათედრო ტაძრისათვის განკუთვნილი საგალობლებისათვის. მან მისცა ბიძგი საგალობელთა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის აღორძინებას.
მნიშვნელოვანია, რომ იოსებ კეჭაყმაძემ შექმნა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ ზაქარია ფალიაშვილის ცნობილი საოპერო არიის (კიაზოს არია ოპერიდან „დაისი“) საფუძველზე.
კომპოზიტორმა შექმნა მუსიკა თბილისის კოტე მარჯანიშვილის, შოთა რუსთაველის, სანდრო ახმეტელისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრების სპექტაკლებისთვის; გარდა ამისა, ის არის ავტორი მუსიკისა კინოფილმებისათვის: „ძაღლი“, „მაცგი“, „ბათა ქექია“, „მთის ნოველა“, „ძნელი დასაწყისი“, „ჩემი ბოშები“. 1986 წელს იოსებ კეჭაყმაძე მიუზიკლისთვის „არსენას ლექსი“ დაჯილდოვდა პრემიით „წლის საუკეთესო კინომუსიკა“.
იოსებ კეჭაყმაძემ სიცოცხლეშივე მოიპოვა კომპოზიტორ-ნოვატორისა და კომპოზიტორ-კლასიკოსის მაღალი სტატუსი.
კომპოზიტორი 1972 წლიდან მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროში მუსიკალური დაწესებულებების სამმართველოს უფროსად და სარეპერტუარო-სარედაქციო კოლეგიის მთავარ რედაქტორად. 1993 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარე, 1994 წლიდან გარდაცვალებამდე კი – საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩეველი.
იოსებ კეჭაყმაძე იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, შოთა რუსთაველის, ზაქარია ფალიაშვილისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ იგი დააჯილდოვა წმინდა გიორგის ოქროს ორდენით.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს იოსებ კეჭაყმაძის ხსოვნას და ქართული კულტურის წინაშე მის უდიდეს დამსახურება”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები