ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბალის თემში ეთნიკურად აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ნოვრუზ ბაირამი, გაზაფხულის შემოსვლა იზეიმა

22 მარტს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბალის თემში ეთნიკურად აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ნოვრუზ ბაირამი, გაზაფხულის შემოსვლა იზეიმა. ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა და სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების პარალელურად, ხელნაკეთი ნივთების, ნახატებისა და აზერბაიჯანული საკრავების, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა და ეროვნული სამზარეულოს დეგუსტაცია გაიმართა. მოეწყო საბავშვო გასართობი ატრაქციონები. ტრადიციულ სამოსში შემოსილი გოგონები და ვაჟები, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს გაზაფხულის დადგომას ულოცავდნენ და ტკბილეულით მასპინძლობდნენ. ბაირამობის დღესასწაული ადგილობრივებს ჯონდო მდივნიშვილმა მიულოცა.

„გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს. საქართველოს მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები, ჩვენი საზოგადოების ნაწილია. თქვენი შრომითა და ქვეყნის ერთგულებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ძლიერი, განვითარებული საქართველოს შენებაში. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ კეთილდღეობას, დღეგრძელობას და წარმატებას”, – აღნიშნა მდივნიშვილმა.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი – ჯონდო მდივნიშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან, კახეთის გუბერნატორ გიორგი ალადაშვილთან,  პარლამენტარებთან, საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო. ნოვრუზ ბაირამი ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები