ჯესი ჯეიმსი – ვინ იყო ველური დასავლეთის ლეგენდა

ჯესი ვუდსონ ჯეიმსი სიცოცხლეშივე ცნობილი ადამიანი იყო, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ველური დასავლეთის ნამდვილ ლეგენდად იქცა. ჯესი და თავისი ძმა ფრენკ ამერიკის სამოქალაქო ომის დროს კონფედერატთა პარტიზანულ რაზმში ირიცხებდონენ. ძმები ფედერალური მთავრობის ჯარისკაცების წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობაში იყვნენ შემჩნეულნი. ომის დასრულების შემდეგ მათ ყაჩაღთა ბანდების რიგებში დაიწყეს ბანკების, დილიჟანსების, მატარებლების ძარცვა. მიუხედავად გავრცელებული პოპულარული თვალსაზრისისა, რომლის მიხედვითაც, ჯესი ჯეიმსი რობინ ჰუდს ჰგავდა (მდიდრებს ართმევდა და ღარიბებს აძლევდა), არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ის და მისი ბანდა ნაძარცვს სხვას უნაწილებდა.

ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, ძმები ჯეიმზები ფედერალური არმიის ჯარისკაცების წამებაში მონაწილეობდნენ. ზოგიერთი მკვლევრის აზრით კი, ძმების კრიმინალურ მომავალზე მათი ოჯახისადმი მთავრობის სასტიკმა მოპყრობამ იქონია გავლენა. ცნობილია, რომ 1863 წელს მათ ფერმაში ჩრდილოეთის ჯარები შეიჭრნენ და მათი ოჯახის წევრები აწამეს. ომის დასრულების შემდეგ ძმები მთავრობას განუდგნენ.

1860 წლიდან 1882 წლამდე მოქმედი ჯეიმსის ბანდა შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე საშიშ კრიმინალურ დაჯგუფებად ითვლება. მათ ანგარიშზეა 20-ზე მეტი მატარებლის თუ ბანკის ძარცვა და უამრავი ადამიანის მკვლელობა. სახელმწიფოს მათ, დაახლოებით, $200,000 ზარალი მიაყენეს. ბანდის წევრების თავებისათვის დაწესებული იყო დიდი ჯილდო.

ძმები ჯეიმსების ბანდა განსაკუთრებით აქტიური 1866 წლიდან 1876 წლამდე იყო. 1876 წელს ბანდამ ბანკის გაძარცვა სცადა, თუმცა უშედეგოდ – რამდენიმე წევრი დააპატიმრეს, რამდენიმე კი, მოკლეს. კრიმინალურ საქმიანობას ისინი მომდევნო წლებშიც აგრძელებდნენ, მაგრამ გაძლიერებული სამთავრობო კონტროლის გამო, ნაკლებად აქტიურობდნენ.

1874 წელს ჯესი ჯეიმსი დაქორწინდა თავის დიდი ხნის შეყვარებულზე და ბიძაშვილზე – ზერელდაზე, რომლისგანაც 2 შვილი შეეძინა. როგორც ცნობილია, ძმები ჯეიმსები მეოჯახეები იყვნენ. ისინი დიდ დროს უთმობდნენ ოჯახს, თუმცა კვლავ აგრძელებდნენ კრიმინალურ საქმიანობას. მათ ჩარლი და რობერტ ფორდები ეხმარებოდნენ. ამ დროისათვის ჯეიმსების თავების სანაცვლოდ მისურის შტატს დიდი ჯილდო ჰქონდა დაწესებული. მის მისაღებად ძმებმა ფორდებმა ჯეიმსების ღალატი გადაწყვიტეს.

1882 წლის 3 აპრილს, საუზმის შემდეგ, ჯესი ჯეიმსმა კედელზე სურათის გასწორება მოინდომა. სწორედ ამ დროს რობერტ ფორდმა მას კეფაში ესროლა. ჯესი ადგილზევე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები