„სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმის წარმოების ფინანსური მხარდაჭერა“ – კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტები გამოვლინდა
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ექსპერტთა კომისიამ კონკურსის – „სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმის წარმოების ფინანსური მხარდაჭერა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, საკონკურსოდ წარდგენილი პროექტებიდან, მოთხოვნილი თანხის შესაბამისად, სრულად დაფინანსდეს სამი პროექტი: „შხამი“, „ანტიკვარი“ და „ჟოლო“.
„ეროვნულმა კინოცენტრმა კონკურსისთვის გამოყო 60 000 ლარი. საკონკურსო განაცხადის წარდგენა შეეძლოთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროექტების დაფინანსების საერთო თანხაა 42 206,60 ლარი.
საკონკურსო განაცხადების წარდგენის ვადად განისაზღვრა პერიოდი 2024 წლის 4 მარტიდან 12 მარტის 19:00 საათამდე. ეროვნულ კინოცენტრს მიმართა ორმა უნივერსიტეტმა 10 სტუდენტის ცხრა პროექტის ხელშეწყობის მოთხოვნით, თუმცა სამი პროექტი ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი, რის გამოც ისინი კომისიამ არ განიხილა.
საექსპერტო კომისია კანონით გათვალისწინებული წესით და დადგენილ ვადაში შეიკრიბა შემდეგი შემადგენლობით: სოსო სუთიძე – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ბაჩანა ოდიშარია – სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ლაშა ხალვაში – პროდიუსერი, ნიკოლოზ აბრამაშვილი – საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი, პროდიუსერი, გიორგი ცხვედიანი – სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი.
ინფორმაციისთვის: კონკურსის მიზანი იყო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აუდიო-ვიზუალური რეჟისურის სპეციალობის სტუდენტების მხარდაჭერა მიმდინარე სასწავლო წლის სადიპლომო ნამუშევრის (მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმი) გადაღების პროცესში, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/XwMXkgA6