პროფესიას შეწირული რეპორტიორი – დენ ელდონის ისტორია

ფოტოგრაფია სახიფათო პროფესიაა, მით უმეტეს, თუ საუბარი რეპორტიორობაზეა. ამ ადამიანებს მუშაობა პლანეტის ყველაზე ცხელ წერტილებში უწევთ და ხშირად რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს. ბრიტანელმა ფოტოგრაფმა, დენ ელდონმა ნახევარი მსოფლიო მოიარა და მრავალი საშიში რეგიონი მოინახულა. მისი ფოტოები გვიჩვენებს რეალურ ცხოვრებას ისეთ ადგილებში, რომლებზეც უმეტესობამ მხოლოდ ახალი ამბებიდან იცის. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მივლინება რეპორტიორისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.

დენ ელდონი დაიბადა 1970 წელს ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში. ფოტოგრაფიით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული და სკოლა რომ დაამთავრა, გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება ამ საქმისთვის მიეძღვნა. დენს არასდროს აინტერესებდა მოდის გადაღებები ან ცნობილ ადამიანებთან მუშაობა. მას მოგზაურობა და უბრალო ადამიანების ცხოვრების ასახვა უყვარდა.

23 წლის ელდონმა კამერით მოგზაურობისას მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა მოინახულა. მან მოიარა მთელი ევროპა, იმყოფებოდა აშშ-ში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მაგრამ აფრიკა ფოტოგრაფის ნამდვილ სიყვარულად რჩებოდა. განათლების მიღებაც კი დენმა არა ბრიტანულ უნივერსიტეტში, არამედ კენიის დედაქალაქ ნაირობის საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩია.

დიპლომის მიღების შემდეგ ელდონმა საქველმოქმედო მისიაში მიიღო სამსახური.  ის და მისი კოლეგები ღარიბ მოსახლეობას ეხმარებოდნენ. ეს მისი საოცნებო სამუშაო გახლდათ – თავისი ფოტოებით შეეძლო, მოეყოლა იმ ადგილების შესახებ, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად იბრძოდა გადარჩენისთვის. სამხედრო კონფლიქტები, შიმშილი, სიღარიბე, ეპიდემიები – დენმა ეს ყველაფერი გადაიღო, რათა დასავლური სამყაროსთვის ნამდვილი კატასტროფის ზონა ეჩვენებინა.

მორიგი ხანგრძლივი საქმიანი მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ელდონმა მიიღო შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა არ შეეძლო. იგი სააგენტო Reuters-ში ფოტოჟურნალისტად მიიწვიეს, რაც ათასობით ფოტოგრაფის ოცნებაა. 1993 წელს დენსა და მის კოლეგებს ომით განადგურებული სომალის მოვლენების გაშუქება დაევალათ.

1993 წლის 12 ივლისს ელდონი, Associated Press-ის ფოტოგრაფი ჰანს კრაუსი, Reuters-ის ხმის ინჟინერი ენტონი მაჩარია და ფოტოგრაფი ჯოს მაინა იმ ადგილას წავიდნენ, სადაც ჯარს რეიდი უნდა ჩაეტარებინა და აჯანყებულების ლიდერი მუჰამედ ფარაჰ აიდიდი დაეკავებინა. სამწუხაროდ, ამერიკელი სამხედროების მიერ განხორციელებული სამშვიდობო ოპერაციის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. დენი და მისი კოლეგები ადგილზე შეუსაბამო დროს ჩავიდნენ. ადგილობრივები გაბრაზებულნი იყვნენ ამერიკელი ჯარისკაცების მოქმედებით და შურისძიება სურდათ. მიუხედავად იმისა, რომ რეპორტიორები ყვიროდნენ, ამერიკელები არ ვართო, ბრბომ ისინი ქვებით ჩაქოლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები