თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა“. კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია თვითმოქმედი ფოლკლორული (ვოკალური ან/და ქორეოგრაფიული) ანსამბლების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა; თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების პოპულარიზაცია; თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. წლევანდელი კონკურსის ბიუჯეტია 100 000 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც არ არის სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია, ფიზიკურ პირს ან პირთა ჯგუფს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა. საყურადღებოა, რომ კონკურსი არ ითვალისწინებს თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების უცხოეთში საგასტროლო ხარჯების დაფინანსებას.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 19 მარტიდან 2024 წლის 28 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: 032 2 022229; 577 27 00 60, სამუშაო საათების განმავლობაში. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, არაუგვიანეს 2024 წლის 10 აპრილისა.
ინფორმაციისთვის: აღნიშნული კონკურსი 2021 წლიდან ცხადდება. 2021 წელს კონკურსისთვის გამოყოფილი იყო 80 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობისთვის სამინისტროს მიმართა 28 განმცხადებელმა. დაფინანსდა ცხრა პროექტი.
2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი გაიზარდა და გახდა 100 000 ლარი. 17 საკონკურსო პროექტიდან დაფინანსდა ცხრა პროექტი.
კონკურსისთვის 2023 წელსაც 100 000 ლარი გამოიყო და შემოსული 27 განაცხადიდან დაფინანსდა ცხრა პროექტი“, – ნათქვამია ინფრმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/uw2YHfNZ