კულტურის სამინისტრომ, რეგიონებში ქართული საესტრადო და ფოლკლორული კონცერტების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და კულტურის ხელმისაწვდომობის გაზრდა; ქართველ ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და რეგიონებში საგასტროლო ხარჯებით უზრუნველყოფა; მუსიკოს-შემსრულებელთა და შემოქმედებითი ჯგუფების/ანსამბლების მიერ რეგიონებში ქართული საესტრადო და ფოლკლორული კონცერტების გამართვის ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს ან პირთა ჯგუფს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა.
საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ქართული თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა).
კონკურსისათვის გამოყოფილია 500 000 ლარი.
რეგისტრირებული პროექტის შესახებ ინფორმაციას განიხილავს და შეაფასებს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 500 000 ლარი. სამინისტროს მომართა 50-მა განმცხადებელმა. დაფინანსდა 22 პროექტი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა თუ დაბებში გაიმართა 41 კონცერტი. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 280-მა ხელოვანმა.
2022 წელსაც კონკურსის ბიუჯეტი იყო 500 000 ლარი. სამინისტროს მომართა 53-მა განმცხადებელმა და დაფინანსდა 11 პროექტი. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა თუ დაბებში გაიმართა 32 კონცერტი. ღონისძიებებში მონაწილეობდა 192 ხელოვანი.
2021 წელს კონკურსი ჩატარდა განსხვავებული სახელწოდებით – „კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“. კონკურსის ბიუჯეტი იყო 700 000 ლარი. სამინისტროს მომართა 62-მა განმცხადებელმა.
დაფინანსდა 18 პროექტი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა თუ დაბებში, ასევე – დევნილთა დასახლებებში და გამყოფი ხაზის მიმდებარედ 76 კონცერტი გაიმართა. ღონისძიებებში მონაწილეობდა 233 ხელოვანი.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 19 მარტიდან 2024 წლის 28 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით, რომელიც იქნება უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული.
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს „ცხელი ხაზის“ საშუალებით, ტელ.: N 032 2 022229 ან N 599 310 303, სამუშაო საათების განმავლობაში (09:00-18:00).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 15 აპრილისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/Gw2YGTQU