პუტინმა “უცხოურ აგენტად” გამოცხადებულ მედიარესურსებზე რეკლამის განთავსება აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც “უცხოური აგენტების” საინფორმაციო რესურსებზე რეკლამის განთავსებას კრძალავს.

ასევე, აკრძალულია “უცხოური აგენტების” საინფორმაციო რესურსების რეკლამირება.

როგორც სახელმწიფო დუმის უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვასილი პისკარევმა განაცხადა, აკრძალვის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა: 50 ათას რუბლამდე – ფიზიკური პირებისთვის; 500 ათას რუბლამდე – იურიდიული პირებისთვის.

ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ორჯერ დაკისრების შემდეგ, პირს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თავის დროზე პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის ინიციატივის ავტორებმა განმარტებით ბარათში მიუთითეს, რომ ის მიზნად ისახავს “სახელმწიფოს შიდა საქმეებში ფარული საგარეო ჩარევის წინააღმდეგობას”.

რუსეთის “უცხოური აგენტების” სიაში შეყვანილია ის მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პუტინის რეჟიმის დანაშაულებს ამხელდა, იქნებოდა ეს კორუფცია, სასამართლო, ძალოვანი სტრუქტურები, თუ სხვა უწყებები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ე.წ. მმართველ ელიტასთან.

სია კიდევ უფრო გაფართოვდა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ნუსხაში უკვე მოხვდნენ ის ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, რომლებიც კრემლის ქმედებას ღიად აკრიტიკებენ და გმობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები