ირაკლი ზარქუა – პრეზიდენტზე: ქალბატონი სალომე ვეტოთშემოქმედი გახდა, ამით ერთობა, ეტყობა

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ვეტო დაძლეული იქნება.

“ქალბატონი ზურაბიშვილის ამოცანა, დაკვეთა ის არის, რომ – რამენაირად, ლეგიტიმაცია შეულახონ მოახლოებულ არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის, მთლიანად ელექტრონული არის ჩვენი საარჩევნო სისტემა. ეს იყო ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების რეკომენდაცია, მთელი რიგი რეფორმა განვახორციელეთ. იციან, რადიკალები კვლავ დამარცხდებიან ქართული საზოგადოების წინაშე, ახლა ცდილობენ, წინასწარ, სარჩული შექმნან, რომ მერე თქვან – არ იყო ლეგიტიმური ეს არჩევნებიო. ქალბატონი სალომე არის ამის ავანგარდში.

რაც შეეხება ვეტოს, ბუნებრივია, მზად ვართ, შემდეგ კვირას ვიმსჯელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამის კომიტეტში და ხმათა უმრავლესობით დავძლევთ ამ ვეტოს. ქალბატონმა სალომემ, მავნებლობასთან ერთად, ისწავლა და ვეტოთშემოქმედი გახდა, ერთობა, ეტყობა, ამით, თუ რა ვიცი… მირჩევნია, განაგრძოს მოგზაურობა – ევროპაში რომ დადის დაუკითხავად, კონსტიტუციის დარღვევით… იმიტომ, რომ ეს მავნებლობა მერე ვნებს ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს საარჩევნო გარემოს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები