8 მარტი თურქეთში – ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, ქვეყანაში წლის დასაწყისიდან უკვე 71 ქალია მოკლული

თურქეთში ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად იბრძვიან. ქვეყანაში წლის დასაწყისიდან უკვე 71 ქალია მოკლული, მათგან შვიდი ერთ დღეს – 27 თებერვალს.

პლატფორმა “ჩვენ შევაჩერებთ ფემიციდების” მონაცემით, 2023 წელს თურქეთში, სულ მცირე, 403 ქალია მოკლული, მათი უმეტესობა ამჟამინდელი ან ყოფილი მეუღლეების მიერ, ან სხვა ახლო ნათესავებისა და მამაკაცების მიერ.

WWSF-ის გენერალურმა მდივანმა, ფიდან ატასელიმმა მკვლელობები ქვეყანაში ღრმა პატრიარქალურ ტრადიციებს მიაწერა, სადაც უმრავლესობა მუსლიმი მოსახლეობაა, ასევე, იმ ქალების მზარდ რაოდენობას, რომელთაც სურთ რთული ურთიერთობების გაწყვეტა; ქალების ნაწილს კი მუშაობა სახლის გარეთ სურს.

„თურქეთში ქალებს უფრო თავისუფლად და თანაბარი პირობებით სურთ ცხოვრება. ისინი ძალიან შეიცვალნენ და დაწინაურდნენ პოზიტიური თვალსაზრისით, ხოლო მამაკაცები ამას ვერ იღებენ და ძალადობრივად ცდილობენ ქალების პროგრესის ჩახშობას“, – ამბობს ატასელიმი.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს თურქეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ხელი მოაწერა და მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ევროპული ხელშეკრულების რატიფიცირება, რომელიც სტამბულის კონვენციით არის ცნობილი. თუმცა, პრეზიდენტმა – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში ამ კონვენციის მოქმედება 10 წლის შემდეგ შეწყვიტა, რამაც პროტესტები გამოიწვია.

”ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ფემიციდის შეჩერება იყო შესაძლებელი”, – ამბობს ფიდან ატასელიმი. ​

ყოველწლიურად, თურქეთში ქალთა აქტივისტები გამოდიან ქუჩებში ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს და 25 ნოემბერს (ქალების მიმართ ძალადობის შეჩერების საერთაშორისო დღეს). ისინი ითხოვენ ქალების უფრო მეტად დაცვას და ხელშეკრულებაში დაბრუნებას.

თურქეთის ხელისუფლება რეგულარულად კრძალავს ასეთ აქციებს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მოტივით.

დემონსტრანტებს ხშირად მოაქვთ პლაკატები წარწერით: “არ მინდა, მოვკვდე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები