სალომე ზურაბიშვილი: ქართულმა ეკლესიამ დროში დაასწრო სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მშენებლობაში – არაფერი მაქვს ასახსნელი
ქართულმა ეკლესიამ მუდმივად შეინარჩუნა კი არა, დროში დაასწრო სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მშენებლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამით პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოსთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.
„ზოგიერთი წრეებიდან არის სურვილი, რომ მე მომნათლონ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ათეისტად. ის ადამიანები, რომლებიც პატრიარქთან დადიან სურათებისთვის, ზიარებაზე დადიან სურათებისთვის და ამ ყველაფერს იყენებენ პიარისთვის, რაც ადრე არ იყო მათ მრწამსში და ქცევაში. მე არ შევცვლილვარ, მე სულ მჯეროდა და დღესაც მჯერა. მე ეს ვთქვი იმ კითხვაზე პასუხად – არის თუ არა ქართული ეკლესია პრორუსული და პასუხი იყო, რომ მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ იქნება როგორც იყო ქართული ეკლესია – პროდასავლური, პროევროპული, იმიტომ, რომ ქართულმა ეკლესიამ შეინარჩუნა კი არა დროში დაასწრო სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მშენებლობაში. ეს მე არ მესწავლება და მე არაფერი მაქვს ასახსნელი.
უნდა დასრულდეს ინტერპრეტაციები, როდესაც ხალხს უტრიალებენ, ვითომ შეურაცხყოფას, რომ როგორ შეიძლება ასეთი რამე თქვა, არაფერი არ მითქვამს. მაგრამ მე არ შემიძლია გავჩუმდე იმაზე, რომ არის მცდელობა მუდმივი დისკრედიტაციის, ყველა კუთხით. ამავე დროს სულ მიდის საუბარი, რომ პრეზიდენტი არაფერი არ არის, არ აქვს არანაირი როლი, არაფერს არ ამბობს პარლამენტში გამოსვლის დროს, თუ ასეა რა საჭიროა ასეთი დისკრედიტაცია მუდმივად? ყოველდღიურად ისმის ჩემი სახელი სხვადასხვა ბრალდებებით. მე ვარ ის, რაც ვიყავი და რაც ვიქნები მუდამ, არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „იმედი აქვს, რომ საქართველოს ეკლესია შეძლებს აირჩიოს პროქართული, პროევროპული და არა პრორუსული პატრიარქი“.