ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა
იანვარში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 40.8%-ით დაიკლო და 263.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 1.5%-ით, 25.9 მლნ აშშ დოლარამდე, შემცირდა,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ ანგარიშშია აღნიშნული.
ამავე ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.
„იანვარში, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 75%-ით, 68 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, თუმცა, მაღალი ტემპით, 32.9%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, რეგიონის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები ზომიერად, 7.4-%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ ზრდადია (4.7%-იანი მატება). კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. იანვარში რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად, 39.8%-ით და 2.9%-ით. აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები წინა წლის მინიმალურ დონესთან შედარებით გაზრდილია. იანვარში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები – 39.2%-ით, რუსეთი – 25.7%-ითა და აშშ – 14.4%-ით წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.