რატი ბრეგაძე: სააკაშვილი ქართველი პოლიტიკოსი არ არის
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველი პოლიტიკოსი არ არის და მისი გათავისუფლება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციაზე გავლენას ვერ მოახდენს.
“მსჯავრდადებული სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი. საუბარი იმაზე, რომ დეპოლარიზაციას შეეწყობა ხელი, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როგორც სამართლებრივი, ასე პოლიტიკური ლოგიკითაც. როცა ვსაუბრობთ ექსტრადიციაზე, სააკაშვილს დანაშაული უკრაინის ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს ჩადენილი და უკრაინული მხარე უნდა ითხოვდეს დამნაშავის გადაცემას. ექსტრადიციასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ნამდვილად არ მოუმართავს” – ამბობს ბრეგაძე.
იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებსაც გამოეხმაურა და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს არ დაემორჩილოს.
“თუკი ვინმეს მოუწოდებს სააკაშვილი, რომ გარკვეული პოლიტიკური დავალებები შეასრულონ, ვისურვებდი, არ დაემორჩილონ ასეთი პოლიტიკოსის მოწოდებებს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არ აქვს საქართველოში როგორც აქტიური, ასევე პასიური საარჩევნო ხმა და მას არ შეუძლია პოლიტიკური პარტიის წევრობა. თუკი პირი პოლიტიკური პარტიის წევრი ვერ იქნება, მონაწილეობას ვერ მიიღებს არჩევნებში, რანაირად მონაწილეობს პოლიტიკაში? თუკი ის მართავს “ნაციონალურ მოძრაობას, ანუ “ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას”, ეს არის თავიდან ბოლომდე არაფორმალური მმართველობა”, – განაცხადა ბრეგაძემ.