ბრიტანელი მეცნიერების ყველაზე საშიში ექსპერიმენტი – ოპერაცია „ვეგეტარიანელი“

დღეს ზუსტად არ არის ცნობილი, ინგლისის რომელ მეცნიერს გაუჩნდა მეორე მსოფლიო ომში ბიოლოგიური იარაღის გამოყენების იდეა. ოპერაცია, რომელსაც „ვეგეტარიანელი“ უწოდეს, მიზანმიმართული იყო არა მტრის, არამედ გერმანიის ტერიტორიაზე და რაიხის მოკავშირე ქვეყნებში შინაური ცხოველების გასანადგურებლად. ინგლისელები გეგმავდნენ, მტრის საქონელი ციმბირული წყლულით დაეავადებინათ, რათა ეპიდემია და მასთან დაკავშირებული შიმშილობა დაწყებულიყო.

საიდუმლო სამეცნიერო ცენტრებში გამოანგარიშებული იყო, რომ ოპერაციის მსვლელობისას შესაძლებელი გახლდათ, თითქმის, ყველა გერმანული ძროხის, ცხვრისა და ცხენის დაავადება. გარდა ამისა, თუ გაუმართლებდათ – ღორების დიდი ნაწილისაც. 60%-მდე მსხვილფეხა და წვრილფეხა შინაური ცხოველი განადგურდებოდა, ხოლო რომელიც გადარჩებოდა, საკვებად უვარგისი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ბრიტანელი მეცნიერები გეგმავდნენ გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინათ რაიხისთვის.

გეგმა კარგი იყო და სავსებით რეალური, მაგრამ, იმისთვის, რომ გამართლების იმედად არ ყოფილიყვნენ, ინგლისელებმა გადაწყვიტეს, მისი ეფექტურობა პოლიგონზე გამოეცადათ. სახიფათო ექსპერიმენტისთვის არჩეული იქნა პატარა კუნძული შოტლანდიასთან ახლოს, სადაც 1942 წლის ზაფხულში 60 განწირული ცხვარი გადაიყვანეს. ფარაზე თვითმფრინავიდან გადმოაფრქვიეს სასიკდვილო შტამი და ეფექტს დაელოდნენ. როგორც ვარაუდობდნენ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ცხვარი მოკვდა.

ექსპერიმენტი დასრულდა. ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადეს და მხოლოდ ფორმალური საკითხების მოგვარებაღა იყო დარჩენილი ანუ სახიფათო ბიომასალის განადგურება. თითქოს, რა უნდა ყოფილიყო იმ სტანდარტულ პროცედურაზე უფრო ადვილი, ვიდრე საშიში ვირუსით მოკლული ცხოველების ნაშთების უტილიზაცია? მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ცხოველების ცხედრებს წვავდნენ და შემდეგ იზოლირებულად ინახავდნენ, თუმცა ბრიტანელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, საკითხს სხვანაირად მიდგომოდნენ და უბრალოდ, ააფეთქეს მკვდარი ცხოველები.

დღეს მოვლენების თანმიმდევრობით აღდგენა საკმაოდ რთულია, მაგრამ სრულებით ცხადია, რომ არაფრთხილი უტილიზაციის პირობებში, ხორცის ნაჭრები ზღვაში მოხვდა, რომლებიც შემდგომში მეზობელ, დასახლებულ კუნძულებზე აღმოჩნდა. ნაპირზე დაინფიცირებული ხორცის ნაჭერი რომელიღაც ცხოველმა იპოვა, შესაძლოა, ძაღლმა ან კატამ და სასიკვდილო სენი კუნძულზე ერთადერთ დასახლებულ სოფელში შეიტანა.

ცხადია, ძალიან მალე კუნძულზე მცხოვრებ ხალს პრობლემები დაეწყო. სამხედრო უწყებამ მათ ჩივილზე ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა. მთელი საქონელი ამოიღეს და გაანადგურეს, ხოლო მათ მფლობელებს სახელმწიფომ ყველაფერი აუნაზღაურა და ზედმეტიც გადაუხადა დუმილისთვის. ასევე, ჩატარდა კუნძულის დეზინფექცია. როგორც ცნობილია, კუნძული კარანტინში, ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ 40 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მხოლოდ 1986 წელს, გრუნტის ზედა ფენის უტილიზაციის ჩატარების და მთელი კუნძულის დამუშავების შემდეგ, ბრიტანელებმა კუნძულზე საქონელი შეიყვანეს.

რაც შეეხება ოპერაცია „ვეგეტარიანელს“… საბედნიეროდ, ბაქტერიული შეტევა, რომელსაც მთელ ევროპაში ციმბირული წყლულის ეპიდემიის გამოწვევა შეეძლო, არ განხორციელდა.

1943 წელს გერმანელებმა სტალინგრადის ბრძოლა წააგეს, რამაც ყველა ფრონტზე გარდატეხა მოახდინა. ცხადი გახდა, რომ გერმანიის კაპიტულაცია მხოლოდ დროის საკითხი იყო და ინგლისელებმა თავისი მზაკვრული გეგმის განხორციელება გადაიფიქრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები