მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი თავისი ვეტოთი აბსოლუტურად ასცდა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნებს
“პრეზიდენტი თავისი ვეტოთი აბსოლუტურად ასცდა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, თუ ოპოზიციაში ვეტოს ეთანხმებიან, ე.ი. ისინი სულ იტყუებოდნენ, როცა ამბობდნენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უპირობოდ უნდა გაზიარებულიყო.
„ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის დასკვნებს ოპოზიციონერები უყურებდნენ, როგორც უპირობოდ ამოსავალ წერტილს და ჩვენ ვამბობდით, რომ რასაც ვეთანხმებით – ვიზიარებთ, რასაც არ ვიზიარებთ, იმაზე გვაქვს აბსოლუტურად არგუმენტირებული ახსნა. პრეზიდენტის ვეტოს არგუმენტებში ნახეთ რა თქვა? მან გადაუხვია და აბსოლუტურად ასცდა ამ დასკვნებს. შესაბამისად, თუ არაა ამოსავალი წერტილი არც ვენეციის და არც ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, ე.ი. გადახვევა ყოფილა შესაძლებელი ხომ? ახლა ოპოზიციას შეგიძლიათ ჰკითხოთ, ეთანხმებიან თუ არა ისინი ვეტოს პათოსს. თუ ეთანხმებიან ე.ი. ისინი სულ იტყუებოდნენ, როცა ამბობდნენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უპირობოდ უნდა გავიზიაროთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.