კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს წერილით მიმართავს. ამის შესახებ ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, წერილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებას ეხება. როგორ ხაინდრავამ განმარტა, ელჩს მიმართავს, ან დაადასტუროს, ან უარყოს წერილის არსებობა, რომლითაც, სააკაშვილის განცხადებით, ის აშშ-ის საგამოძიებო ფედერალური ბიუროს მიერ იყო გაფრთხილებული, რომ 2007 წლის ნოემბერში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.
“2023 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე ჩვენება მისცა, სადაც განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო, რომ ამის შესახებ ის აშშ-ის საგამოძიებო ფედერალური ბიუროს მიერ წერილით იყო გაფრთხილებული. ამასთან დაკავშირებით მე ღია წერილით აშშ-ის ელჩს, ქალბატონ რობინ დანიგანს მივმართე და ვთხოვე, რომ მსგავსი წერილის არსებობა ან დაედასტურებინა, ან უარეყო. ქალბატონ ელჩს წერილში განვუმარტე, რომ თუ მსგავსი წერილი არსებობდა, მაშინ სახელმწიფო დანაშაული, სახელმწიფო გადატრიალება რუსეთის დაკვეთით , როგორც ამის შესახებ სააკაშვილმა განაცხადა, მაშინდელმა ოპოზიციურმა ეროვნულმა საბჭომ ჩაიდინა, რომელიც საქართველოში 2005, 2006, 2007 და 2008 წლებში ყველა საპროტესტო მიტინგს, გამოსვლას წარმართავდა. ეს სახელმწიფო ღალატია და პოლიტიკური ელიტის მიერ იქნებოდა ჩადენილი. მაშინდელ ეროვნულ საბჭოში შედიოდნენ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი სპიკერი დავით უსუფაშვილი, ყოფილი ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, თქვენი მონა-მორჩილი გიორგი ხაინდრავა, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, პარლამენტის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეები – ეკა ბესელია, გუბაზ სანიკიძე და ა.შ. ასე რომ, რაც სააკაშვილმა განაცხადა, თუ სიმართლეა და ასეთი წერილი არსებობდა, მაშინ გამოდის, რომ ფედერალურმა ბიურომ ჩვენ სახელმწიფო ღალატი დაგვაბრალა. ეს ძალიან მძიმე დანაშაულია როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში. ამერიკის ელჩს მივმართე და ვთხოვე, მსგავსი წერილის არსებობა ან დაედასტურებინა, ან უარეყო. ვინაიდან, თუ ეს სიმართლეა, მაშინ ჩვენ ვართ დამნაშავეები, ჩვენ უნდა ვისხდეთ სასამართლო სკამზე და არა მიხეილ სააკაშვილი, ან პირიქით, სააკაშვილმა მსგავსი წერილის გამოგზავნის შესახებ აშშ-ის ფედერალურ ბიუროს დასწამა ცილი. ესეც არანაკლები დანაშაულია, როგორც ცილისწამება, როგორც აშშ-ში, ისე საქართველოში”, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ელჩს მეორედ მიმართავს.
“5 მარტს ზუსტად 3 თვე გავიდა, ქალბატონი ელჩისგან არანაირი პასუხი არ არის, რაც, ჩემი აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ მას კარგად არ აქვს გააზრებული მისი პასუხისმგებლობა, როგორც აშშ-ის ელჩისა საქართველოში. თუ ის ამ განმარტებას არ აკეთებს, მაშინ დღის წესრიგში საკითხი დგება იმის შესახებ, თუ ვინაა მართალი. ჩვენ არანაირი ღალატი არ ჩაგვიდენია, მე და არა მარტო მე, უამრავი ადამიანი ამას ძალიან მარტივად დაადასტურებს, რომ საქართველოში 7 ნოემბერს არანაირ გადატრიალების მცდელობას ადგილი არ ჰქონია. გამოდის, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული და ბრალდებული სააკაშვილი აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ინსტიტუტს, გამოძიების ფედერალურ ბიუროს ცილს სწამებს იმაში, რომ ის საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდა. რადგან, მსგავსი წერილის გამოგზავნა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება იქნებოდა.
ჩემთვის გასაკვირია, რომ ქალბატონი დანიგანი პასუხს არ იძლევა, ეს იმ დროს ხდება, როცა დრო მონახა და მაუწყებლობა “ფორმულას” ესტუმრა, რომლის მეპატრონე და დამფინანსებელია კეზერაშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქე არაა, სახელმწიფო დანაშაულის გამოა ძებნილი და ევროპაში მძიმე დანაშაულშია ბრალდებული, რაც პენსიონერების ძარცვას ეხება. მსგავს დაწესებულებაში სტუმრობა აშშ-ის ელჩის მხრიდან არის როგორც მინიმუმ წინდაუხედაობა და როგორც მაქსიმუმ ასევე დანაშაული, რადგან კრიმინალთან ურთიერთობა, კრიმინალურ დაწესებულებაში აშშ-ის ელჩის სტუმრობა საქართველოში აშშ-ს პრესტიჟს ძალიან სერიოზულ დარტყმას აყენებს. პარლამენტში გამოსვლისას ელჩმა ბრძანა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის დასამყარებლად პირადად პრეზიდენტმა ბაიდენმა დალოცა და აკურთხა. თუ ბატონ ბაიდენს და ქალბატონ დანიგანს სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებობს, ასე ესმით, ვფიქრობ, ამ ურთიერთობებს დიდი მომავალი არ უწერია.
ქალბატონ ელჩს წერილით მივმართავ და მეორედ ვთხოვ, რომ ქართულ საზოგადოებას ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე გაგვცეს პასუხი, საზოგადოებრივი ინტერესია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, მონაწილეობდა, თუ არა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო იმ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, რომელსაც აქ მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ხელისუფლება ჩადიოდა, რის გამოც ის სასამართლოშია. ეს პასუხი უნდა გაგვცეს, თუ არ გაგვცა ჩვენთვის, ესეც პასუხი იქნება. რადგან, როცა საქმე ეხება ხელისუფლების უმაღლეს პირებს, თუ ის ვერსია მართალია, რაზეც მიხეილ სააკაშვილი ბრძანებდა, მაშინ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ერთ-ერთი დამნაშავე დღევანდელი პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილია, სხვა დანარჩენებზე რომ არ ვილაპარაკოთ, ვინც ჩამოვთვალე. იმედი მაქვს, აშშ-ის ელჩი ქალბატონი დანიგანი ამჯერად მაინც მოიცლის და დააკმაყოფილებს ქართული საზოგადოების ინტერესს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს 2007 წლის ნოემბერში” – განაცხადა ხაინდრავამ “კვირას” პრესკლუბში.