„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ დინამიურად ვითარდება, ბოლო წლებში ჩვენს ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა ტურიზმის სექტორს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად ინკლუზიურია, ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს და მყისიერი შედეგი აქვს ეკონომიკურ წარმატებაზე. ტურიზმი და ავიაცია – ეს ორი სფერო ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული და შესაბამისად, დღეს გაერთიანებულ პრეზენტაციას წარმოვადგენთ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, გასული წელი ორივე სექტორში მნიშვნელოვანი წარმატებებით იყო გამორჩეული და ეს არის გეგმაზომიერი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც სახელმწიფო წლიდან წლამდე ახორციელებს.

 

დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ეკონომიკის ამ ორი მნიშვნელოვანი ინდუსტრიის საქმიანობის კუთხით არსებული სურათის შესახებ, ასევე ზრდის დინამიკის, ახალი ინიციატივებისა და მიმდინარე და დაგეგმილი, კონკრეტული პროექტების შესახებ. 2023 წლის შემაჯამებელი, ვრცელი პრეზენტაცია და მიმდინარე წლის გეგმები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა წარმოადგინა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში 2023 წელს რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, კერძოდ: ქვეყანამ ტურიზმიდან მიიღო 4.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი,  საქართველოს აეროპორტები კი მოემსახურა 6 მილიონ მგზავრს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მთავრობა წელს ამ მაჩვენებლების გაუმჯობესებას გეგმავს, რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგნოზით, 6.8 მილიონიან მგზავრთნაკადსა და ტურიზმიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარის შემოსავლებში აისახება.