ირაკლი ბერაია – ბრიუგეში ვიზიტზე: ძალიან მკაფიო გზავნილები გვექნება
“ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო გზავნილები, თუ რა შეიძლება, გავაკეთოთ ერთიანი ევროპული უსაფრთხოების თავდაცვის პოლიტიკის იმპლემენტაციის ფარგლებში იმ პრიორიტეტების განხორციელებისთვის, რაც განსაზღვრულია ახალი სტრატეგიული კომპასით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომელიც ბრიუგეში, ევროპის უსაფრთხოებისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მიმდინარე საპარლამენტო დისკუსიაში მონაწილეობს.
მისივე თქმით, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრისას საუბარი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის საკითხზეც იქნება.
„მთავარი სასაუბრო საკითხები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იქნება, პირველ ყოვლისა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაციის საკითხები. ასევე, ის როლი, რასაც საქართველო ასრულებს ევროპული უსაფრთხოების განმტკიცებისა და გაძლიერების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენი ხედვა, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს ევროპული უსაფრთხოების და მედეგობის გაძლიერების თვალსაზრისით, საქართველოს როლის გაძლიერების მიზნით, ისევე, როგორც რა შეიძლება ევროკავშირმა გააკეთოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მედეგობის გაძლიერების თვალსაზრისით.
ჩვენ ასევე ძალიან მკაფიო გზავნილები გვექნება, თუ რა შეიძლება, გავაკეთოთ ერთიანი ევროპული უსაფრთხოების თავდაცვის პოლიტიკის იმპლემენტაციის ფარგლებში იმ პრიორიტეტების განხორციელებისთვის, რაც განსაზღვრულია ახალი სტრატეგიული კომპასით“,- აღნიშნა ბერაიამ.