ირაკლი ქადაგიშვილი: რადგან მორალზეა საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ სააკაშვილის მიერ გაუბედურებული ადამიანების პოზიცია და არა – მისი პარტიული მომხრეების ხელმოწერები
მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გამოეხმაურა.
„რადგან მორალზეა საუბარი, პირველ ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, სააკაშვილის მიერ გაუბედურებული ადამიანების პოზიცია და არა მისი პარტიული მომხრეების ხელმოწერები. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ადამიანმა მისი პატიმრობის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა „ფეიკების” მოშველიებით, გადაიხადა უამრავი ფული, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინა ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანას დააბრალა, რომ მას წამლავენ, აწამებენ, კლავენ, არ მკურნალობენ. ამაზე უფრო მძიმე შეტევა ჩვენს სახელმწიფოზე არავის განუხორციელებია. აქედან გამომდინარე თუ პრეზიდენტს ამ ქვეყნის პრეზიდენტის ინსტინქტი ოდნავ მაინც შერჩენია, მან უნდა ეს ქვეყანა დაიცვას ასეთი აგრესიული შემოტევებისგან”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.