მამუკა არეშიძე: თუ დასავლეთმა რუსეთი აიძულა, გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, ჩათვალეთ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილია

“ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ხელსაყრელია რუსეთის მარცხი, მაგრამ თუ რუსეთი არ დამარცხდა, მაგრამ ვერც მოიგო, ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი შანსი ჩნდება. თუ დასავლეთმა რუსეთი აიძულა, გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, ჩათვალეთ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

არეშიძე ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ საუბრობს.

“პესიმისტური სცენარის ყველაზე ცუდი ვარიანტია უკრაინის დამარცხება, რაც ნიშნავს დასავლეთის მარცხს, რუსეთის ისეთ გამარჯვებას, რომ უკრაინა დაიშალოს, მით უმეტეს, არის სიგნალები, რომელსაც ახმაურებენ რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომ პოლონეთს, უნგრეთსა და რუმინეთს კანონიერი უფლება აქვთ, დაიბრუნონ ის ტერიტორიები, რომლებიც მათ შემადგენლობაში იყო საუკუნეების განმავლობაში და რომლებიც სტალინის გადაწყვეტილებით შეუერთდა უკრაინას, დანარჩენი ნაწილი კი რუსეთს დარჩება. ამ სცენარით უკრაინა იარსებებს მაგრამ ძალიან შეზღუდული ფორმატით, კიევის გარშემო სოფლებითა და რამდენიმე ოლქით.

მსოფლიო წესრიგი ჩამოშლილია. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი უნგრელი პოლიტიკოსების მოსაზრებები ამის თაობაზე. მართალია, ისინი მთლად უმაღლესი რანგის ხელმძღვანელები არ იყვნენ, მაგრამ არიან თანამდებობებზე, მათ შორის არიან დეპუტატებიც, რომლებსაც სერიოზული პრეტენზიები ჰქონდათ უკრაინასთან იმ ტერიტორიის გამო, რომელიც ახლა უკრაინის შემადგენლობაშია და დაახლოებით 150 ათასი ეთნიკურად უნგრელი ცხოვრობს. პოლონელები არც მალავენ, რომ ლვოვი მათი ქალაქი იყო, არა მარტო ქალაქი, არამედ მთლიანად ლვოვის ოლქი. კრემლი ამ ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობის ქვენა გრძნობებს აღვიძებს. რაც შეეხება ევროკავშირის პრინციპებს, უნგრეთი მათ კარგა ხანია, არღვევს. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთმა უკრაინისთვის ბევრი რამ გააკეთა, ამ ბოლო დროს ცდილობს რბილად, მაგრამ მაინც შეცვალოს პოზიციები. ეს გამოიხატებოდა ბოლოდროინდელ აქციაში უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიღების თაობაზე. ის, რომ დღეს უკრაინას საბრძოლო მასალების დეფიციტი აქვს, ფაქტია და ასეთ მძიმე მდგომარეობამდე დასავლეთის პოლიტიკურმა თამაშებმა მიიყვანა.

ოპტიმისტური სცენარი ის არის, რომ უკრაინელები მაინც გაძლებენ, იმას მაინც მოახერხებენ, რომ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნონ და ომიდან რუსეთი მძიმე დანაკარგებით გამოვიდეს. ვარიანტები ასეთია: ერთია რუსეთის გამარჯვება, მეორე – უკრაინის გამარჯვება, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან რთული წარმოსადგენია, და მესამე უკრაინის დამარცხება, მაგრამ რუსეთის ისე დასუსტება, რომ ვეღარ შეძლოს სხვა აგრესიული ნაბიჯების გადადგმა… მიუხედავად იმისა, რომ რუსები დღეს სხვადასხვა აპოკალიფსურ სცენარს გვთავაზობენ, საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ნაწილი მაინც დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ანუ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ისედაც სეპარატისტული იყო. ხერსონის ოლქს თუ არ ჩავთვლით, რუსები უკრაინის სიღრმეში მაინცდამაინც ვერ ჩადიან. ეს არის ყველაზე უკეთესი მოცემულობა, რაც დღეს არსებობს იმისთვის, რომ უკრაინამ და დასავლეთმა თავი მეტ-ნაკლებად უკეთეს მდგომარეობაში იგრძნონ. თუ რუსეთმა მოახერხა ისეთ ტერიტორიებზე შეჭრა, სადაც არ ყოფილან, ან თუ იყვნენ, იყვნენ ძალიან ცოტა ხნით 2022 წლის გაზაფხულზე, მაშინ ცუდი ვითარება იქნება. თუკი რუსეთი გამარჯვებას მოახერხებს ისე, როგორც თავად უნდა, მაშინ რუსეთი სხვა ქვეყნების დაპყრობას და ზეწოლას აუცილებლად გააგრძელებს და დღის წესრიგში იქნება უპირველესად სამი ქვეყანა: საქართველო, ყაზახეთი და მოლდოვა. აქედან რუსეთისთვის რომელი უფრო პრიორიტეტულია, ეს კიდევ ცალკე საკითხია. მოკლედ, ამ სამი ქვეყნისთვის ძალიან რთული დღეები დადგება და უფრო მეტიც, ვერ ვიტყოდი, რომ მიუხედავად ნატოს არსებობისა, უკრაინის მარცხის შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნები იმავე მდგომარეობაში დარჩებიან. ნატოს არსებობა დამოკიდებულია აშშ-ის სიძლიერეზე. ამ ტიპის მოკავშირეების პრინციპი ასეთია – არის ძლიერი ცენტრი და მის გარშემო თავმოყრილი არიან სხვები. თუკი ამ ცენტრმა ვერ ივარგა და დაუშვა შეცდომები, მაშინ დანარჩენები დაიწყებენ ან ახალი მოკავშირის, ან სხვა გზების მოძიებას. ამას რუსეთიც ხედავს, რომ დასავლეთის მდგომარეობა არ არის ისეთი პრიორიტეტული, როგორიც იყო ორი-სამი წლის წინ, ამიტომაც სურს თავისი გაიტანოს.

2023 წლისგან განსხვავებით, როდესაც პუტინის ხელისუფლება ვერ უმკლავდებოდა დასავლეთის ნარატივს და საკუთარ ქვეყანაშიც ჰქონდა სერიოზული პრობლემა, დღეს სიტუაცია შეცვლილია. რუსეთმა, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, საკუთარი პიარის სწორად აწყობა მოახერხა და ამ პიარული დარტყმის მთავარი ობიექტი გახდნენ დასავლელი საზოგადოებები, რომელთა დიდ ნაწილს ეს ომი მოჰბეზრდა. მოჰბეზრდა იმიტომ, რომ დასავლელი ობივატელის ჯიბეს დაარტყა. ამიტომ ახლა პუტინისთვის მნიშვნელოვანია დასავლელმა ობივატელმა თქვას, ხომ ხედავთ, კაცი მოლაპარაკებას იხვეწებაო, და პოლიტიკოსები დაადანაშაულოს, რომ არ თანხმდებიან მოლაპარაკებას. ეს არის პუტინის მიზანი, თორემ ისე ის არაფრის მომლაპარაკებელი არ არის, თუ არის, მხოლოდ იმ ფორმით, როგორც ახმოვანებენ მისი ე.წ. ექსპერტები – მოლაპარაკება მათი პირობებით, მათი პირობები კი რაც არის, ცნობილია. რაც შეეხება რუსეთის დამარცხებას, რუსეთის სრულად დამარცხების სცენარი რთული წარმოსადგენია. ამიტომ, ასე ვთქვათ, თუკი პუტინი ვერ გაიმარჯვებს, ასეთ შემთხვევაში კი დასავლეთი მოინდომებს იმის გაკეთებას, რაც ვერ გააკეთა მე-20 საუკუნის 20-იან და 90-იან წლებში, როდესაც რუსეთი უკიდურესად იყო დასუსტებული და დასავლეთმა არ გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც სჭირდებოდა, ეს არის რესურსების დაუფლება. მომავალ მსოფლიოში კი, როდესაც რესურსების დეფიციტი იქნება, რუსეთის რესურსები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ არის მხოლოდ ენერგეტიკული რესურსი. ეს არის ხეტყის, მტკნარი წყლის რესურსი და მიწები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, და რისთვისაც ჩინეთი ახლა თავს იკლავს. დასავლეთს ეს შეცდომა უკვე ორჯერ მოუვიდა და ახლა აღარ დაუშვებს. ეს მოხდება რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, მაგრამ რუსეთის ვერგამარჯვების შემთხვევაში, მოსკოვი შეეცდება აგრესიული ქმედებები შეზღუდოს, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში, ვიდრე არ გაითვალისწინებს იმ შეცდომებს, რაც დაუშვა, და მერე თავიდან არ მოემზადება.

კავკასია უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური სივრცეა, სადაც იკვეთება ძალიან სერიოზული მოთამაშეების ინტერესები, რასაც ახლა ჩინეთიც დაემატა. ამიტომ კავკასიისთვის ბრძოლა მუდამ გაგრძელდება. ამას სამხედრო ფორმა ექნება თუ პოლიტიკური, ეს მეორე საკითხია. ისტორიულად სულ ასე იყო. მსხვილი მოთამაშეების ინტერესებს სულ რომ თავი დავანებოთ, საქართველოში არის ადგილი, სადაც გავლენებისთვის ლამის ხმალამოღებული იბრძვის 4 სახელმწიფო. ეს ჭიდილი გაგრძელდება და საქართველოს ხელისუფლებებს მუდმივად უნდა ახსოვდეთ, რომ დანის პირზე სიარული მოუწევთ. მას ვერც ნატოს ფორმატი გადაარჩენს და ვერც ევროკავშირში გაწევრება. ბრიუსელშიც და ნატოს შტაბ-ბინაშიც ძალიან კარგად იციან ეს და ამიტომაც არის, ღია კარში რომ ვდგავართ ამდენი წელია. საქმე ის კი არ არის, საქართველო 9 პუნქტს­ შეასრულებს თუ 12-ს, არამედ ისიც, კონკრეტული მომენტისთვის გეოპოლიტიკური ვითარება როგორი იქნება.

სოლოვიოვის ერთ-ერთ ბოლო ეთერში სიმონიანი და კიდევ სხვა სტუმრები არჩევდნენ თემას, თუ რა ხდება სომხეთში. იქ პირდაპირ იყო საუბარი, ჩვენ თბილისი უნდა დაგვეკავებინა და ახლა სომხეთში ასეთი სიტუაცია არ იქნებოდაო. ასეთი მიდგომები რუსეთში არის და იქნება. უბრალოდ, 2008 წელს ამის გაკეთება ვერ გაბედეს, რადგან მაშინ პუტინს ამის რესურსი არ ჰქონდა. ახლა კი, როგორც ჩანს, აქვს. იმას კი არ ამბობენ, რომ აზერბაიჯანს მისცეს საშუალება, დომინანტი გამხდარიყო და აქედან გამომდინარე, თურქეთი. ამის გამო, როგორც ჩანს, კრემლში დიდი ვნებათაღელვაა, რადგან მიაჩნიათ, რომ ყარაბაღის მოვლენების ასე განვითარება იყო მათი მძიმე შეცდომების ბრალი, მაგრამ ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობენ. ფაშინიანის სახალხოდ გინებაში არიან, კულუარებში კი ფიქრობენ, რომ სომხეთზე გავლენას კარგავენ და საქართველოა გავლენის გაზრდის პლაცდარმი. ამიტომ ცდილობენ საქართველოს საკითხში ისეთი პოლიტიკა ჰქონდეთ, რაც, მათი აზრით, ეფექტური იქნება ეს არის დაახლოების პოლიტიკა.

თუმცა რამდენად ეფექტურია, ძნელი სათქმელია. პირადად მე არ მიმაჩნია ეფექტურად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ძალიან მწვავეა, რაც მოსკოვს ხელს უშლის, ამის გამოა, რომ იდგმება ზოგიერთი ისეთი ნაბიჯი, რაც ქმნის ილუზიას, არიქა, ხვალ-ზეგ ტერიტორიული მთლიანობა აღდგებაო. რუსეთის ზოგიერთი ნაბიჯი მართლაც აჩენს ასეთ მოლოდინს, მაგრამ რამდენად რეალური იქნება, რთული სათქმელია. აფხაზების უაღრესად შევიწროება მიდის. იგივე ხდება ცხინვალშიც, მაგრამ ოსები, აფხაზებისგან განსხვავებით, ხმას არ ამოიღებენ. ჯერ ერთი, ცხინვალი მოსკოვის მიმართ ბევრად ლოიალურია და მეორე – მთელი ე.წ. სამხრეთი ოსეთი ერთი დიდი სამხედრო ბაზაა, სადაც დასაქმებულია მოსახლეობის თითქმის ნახევარი. აფხაზეთის შევიწროების ფაქტებიდან კი რომელი ერთი ჩამოგითვალოთ – ტრანშების ხელოვნურად დაგვიანება, ენერგეტიკაში შეზღუდვები, საწვავის შეტანის შეზღუდვები, ტერიტორიების წაღებაზე აღარაფერს ვამბობ. აფხაზები ყოველთვის ამბობდნენ, გვირჩევნია რუსულ ზღვაში დავიხრჩოთ, ვიდრე ქართულ ტბაშიო. ეს ლამაზ ფრაზად ეჩვენებოდათ, ვიდრე გათავხედებული იყვნენ, ახლა კი, როდესაც ამ ზღვამ ჩათრევა დაიწყო, ვეღარაფერს აკეთებენ, რადგან ყველაფერი უკვე დათმობილი აქვთ… ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ხელსაყრელია, რასაკვირველია, რუსეთის მარცხი, მაგრამ თუ რუსეთი არ დამარცხდა, მაგრამ ვერც მოიგო, ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი შანსი ჩნდება. თუ დასავლეთმა რუსეთი აიძულა, გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, ჩათვალეთ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილია…”,- განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები