ირანში ექსპერტთა საბჭოს და მეჯლისის არჩევნები მიმდინარეობს

ირანში ექსპერტთა საბჭოსა და მეჯლისის (ერთპალატიანი პარლამენტის) არჩევნებისთვის კენჭისყრა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო.

ირანის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ხმის მიცემა 10 საათის განმავლობაში, 18:00 საათამდე გაგრძელდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, კენჭისყრა შესაძლოა, გახანგრძლივდეს.

როგორც საარჩევნო შტაბში განაცხადეს, წელს ხმის მიცემის უფლებით 60 მილიონამდე ირანელი სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ, მსოფლიო ბანკის მონაცემით, 2022 წელს ირანში 80 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.

ირანში ექსპერტთა საბჭოს არჩევნები 8 წელიწადში ერთხელ იმართება. წელს კონსტიტუციის მცველთა საბჭომ 500-ზე მეტი განაცხადი განიხილა და მხოლოდ 144 აპლიკანტს მისცა მონაწილეობის უფლება.

მეჯლისის არჩევნებში მონაწილეობის უფლება 14 912 კანდიდატს მიეცა, რამაც განაცხადების მთლიანი რაოდენობის 73% შეადგინა. პარლამენტში ერთი ადგილისთვის 51 ადამიანი იბრძვის.

მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოებას 190 ათასი სამხედრო მოსამსახურე და სამართალდამცავი უზრუნველყოფს, ხოლო ქვეყნის შორეული რეგიონებიდან საარჩევნო ყუთების ტრანსპორტირებისთვის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენებს გამოიყენებენ.

ექსპერტთა საბჭო ირანის სამთავრობო ორგანოა, რომელშიც 88 ავტორიტეტული ღვთისმეტყველი შედის. მისი მთავარი ფუნქციაა – ქვეყნის ხელმძღვანელის და სულიერი ლიდერის არჩევა. გარდა ამისა, მის მოვალეობებში შედის კონსტიტუციაში ცვლილებების შემუშავება და კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ირანის ლიდერის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ქვეყნის პარლამენტს – მეჯლისი 290 დეპუტატისგან შედგება. რელიგიური უმცირესობებისთვის ხუთი ადგილია გათვალისწინებული: ასურელი ქრისტიანები და ქალდეველები ერთად ერთ დეპუტატს ირჩევენ; სომეხი ქრისტიანები – ორს; ებრაელები და ზოროასტრიელები – თითო დეპუტატს. პარლამენტის უფლებამოსილების ვადა ოთხი წელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები