“არმიას კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა “სარმატი” გადაეცა” – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის არმიას კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა “სარმატი” გადაეცა.
ამის შესახებ მან ფედერალური სათათბიროსადმი ყოველწლიური მიმართვის დროს თქვა.
გარდა ამისა, პუტინმა უახლესი თაობის იარაღი ჩამოთვალა, რომელიც ასევეა ჯარის განკარგულებაში და რომელთა ნაწილიც უკრაინაში გამოიყენება.
მისი თქმით, “სპეციალური ოპერაციის ზონაში” მაღალი ეფექტურობით გამოიყენება ჰიპერბგერითი კომპლექსი “კინჟალი”; ასევე, ბრძოლაშია გამოცდილი საზღვაო ბაზირების ჰიპერბგერითი კომპლექსი “ცირკონი”.
გარდა ამისა, პუტინის თქმით, არმიისთვის გადაცემულია კონტინენტთაშორისი ჰიპერბგერითი ბლოკები “ავანგარდი” და ლაზერები “პერესვეტი”.
პუტინის თქმით, სრულდება შეუზღუდავი მოქმედების ფრთოსანი რაკეტის „ბურვესტნიკის“ და წყალქვეშა დრონის „პოსეიდონის“ გამოცდა.
რაც შეეხება “სარმატს” – ის არის მეხუთე თაობის სტრატეგიული სარაკეტო სისტემა მძიმე მრავალსაფეხურიანი თხევადი საწვავის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტით. ასეთი რაკეტის წონა 200 ტონას აღემატება.
რუსეთის ლიდერების განცხადებებისგან განსხვავებით, ბრიტანული გამოცემა Military Balance-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ “სარმატის” კომპლექსს არ შეუძლია, „შეცვალოს თამაშის წესები“ და ვერ უზრუნველყოფს რუსეთის წარმატებულ დაუყოვნებელ კონტრშეტევით ბირთვულ დარტყმას.