თურქეთი მზად არის რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს კვლავ უმასპინძლოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
როგორც მან უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, იგი ინარჩუნებს თავის შეხედულებას, რომ დიპლომატიას და დიალოგს უნდა მიეცეს შანსი უკრაინის ომის „სამართლიანი და ხანგრძლივი გადაწყვეტისთვის“.
„ამ მიზნის მისაღწევად, დიპლომატიური არხების უმაღლეს დონეზე გამოყენებას ყველა შესაძლო გზით დიდი მნიშვნელობა აქვს.
თურქეთის მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ჩვენ ასევე ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი ყირიმელი თათარი თანამემამულეების უფლებები და ინტერესები“, – განაცხადა ერდოღანმა.
მანვე დასძინა, რომ მშვიდობის დამყარების მიმართულებით საკმარისი პროგრესი მიღწეული არ არის და სამშვიდობო ინიციატივების წარმატებისთვის ორივე მხარის გაერთიანებაა გადამწყვეტი.
„ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალისხმევა უნდა დაიწყოს, სულ მცირე, მშვიდობის ზოგადი პარამეტრების განსასაზღვრად“, – თქვა ერდოღანმა.
როგორც მან აღნიშნა, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 10-საფეხურიანი სამშვიდობო ფორმულის „პრინციპს“ და მზად არის წვლილი შეიტანოს ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის „სწრაფ აღდგენაში“.