ზელენსკიმ ბალკანეთის ქვეყნებს საბრძოლო მასალის ერთობლივი წარმოებისკენ მოუწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბალკანეთის ქვეყნებს შესთავაზა, რომ უკრაინის არმიის მომარაგებისთვის საბრძოლო მასალა ერთობლივად აწარმოონ.
ამის შესახებ მან უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის დროს განაცხადა, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში იმართება.
„ჩვენ ვხედავთ პრობლემებს საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც გავლენას ახდენს ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობაზე. და ჩვენ დაინტერესებული ვართ ერთობლივი წარმოებით თქვენთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ პარტნიორებს უკრაინა-ბალკანეთის თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის კიევში, ან ბალკანეთის რეგიონის რომელიმე დედაქალაქში ჩატარება შესთავაზა.
დღევანდელ ფორუმს ალბანეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნიასა და მონტენეგროს ლიდერები ესწრებიან.