“კუხო-ში მონაწილეობა დე ფაქტო გვაქვს გაყინული, მაგრამ შესაძლოა, ეს დე იურეც გავაკეთოთ” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) სომხეთმა მონაწილეობა დე ფაქტო გაყინა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკის მიმართ ორგანიზაციის დამოკიდებულება არ შეიცვლება, ეს დე იურეც მოხდება.

„რაც შეეხება ჩემს განცხადებას, რომ ჩვენ პრაქტიკულად გავყინეთ კუხო-სთან თანამშრომლობა, ეს ნიშნავს შემდეგს: კუხო-ში თითქმის ერთი წელია, მუდმივი წარმომადგენელი არ გვყავს, საკმაოდ დიდი ხანია – არ ვმონაწილეობთ კუხო-ს ​მაღალი და უმაღლესი დონის ღონისძიებებში. რა თქმა უნდა, კუხო კონსენსუსის პრინციპით მუშაობს, ამიტომ, ჩვენ არაფერს არ ვბლოკავთ, მაგრამ არც ვმონაწილეობთ მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა მივიღოთ მასში მონაწილეობა?” – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, “იმის ნაცვლად, რომ კუხო-მ უსაფრთხოების სფეროში საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს, ის პირიქით, რესპუბლიკას საფრთხეს უქმნის, და ეს პოზიცია, და მე ამას პირდაპირ ვამბობ, ეროვნული ინტერესებისთვის სახიფათოა. შესაბამისად, კუხო ვალდებულებების საწინააღმდეგოდ იქცევა. ამჟამად მასში მონაწილეობა დე ფაქტო გვაქვს გაყინული, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ამას დე იურეც გავაკეთებთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები