ალექსეი ნავალნის 1-ელ მარტს დაკრძალავენ
რუსეთის ციხეში გარდაცვლილ ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის 1-ელ მარტს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. გამოსამშვიდობებელი ცერემონია მარიინოში, ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გაიმართება.
27 თებერვალს პოლიტიკოსის შტაბში განაცხადეს, რომ მოსკოვში ცერემონიისთვის დარბაზი ვერ იშოვეს, რადგან რიტუალების სააგენტოებმა მათ ამაზე უარი უთხრეს.
ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას – ლუდმილას 24 თებერვალს გადასცეს.
მანამდე, საგამოძიებო კომიტეტი მას ულტიმატუმს უყენებდა – ან ის დათანხმდებოდა შვილის საიდუმლო დაკრძალვას საჯარო დამშვიდობების გარეშე, ან ნავალნის იმ კოლონიის მახლობლად დაკრძალავდნენ, სადაც ის სასჯელს იხდიდა.
ლუდმილა ნავალნაიამ ამ მოთხოვნების შესრულებაზე უარი თქვა.
ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის სოფელ ხარპში, განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი “ბუნებრივი სიკვდილით” გარდაიცვალა. თუმცა, პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს. ციხეში ყოფნის პერიოდში ნავალნი საჯარიმო საკანში 27-ჯერ გაგზავნეს.