“გავიდა ორი წელი, ბევრი სისხლია, პუტინი კი არსად წასულა” – იულია ნავალნაია ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა
რუსეთის ციხეში გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე – იულია, ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და სანქციების გამკაცრებისა და კრემლის ქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
„გასულ შაბათს ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მოღალატეობრივი, მზაკვრული ომი. მთელი მსოფლიო უკრაინის დასახმარებლად გაერთიანდა. მაგრამ გავიდა ორი წელი, დაღლილობაა, ბევრი სისხლი, ბევრი იმედგაცრუება – პუტინი კი არსად წასულა“, – თქვა ნავალნაიამ.
მისი თქმით, არც იარაღი, არც ფული და არც სანქციები მუშაობს.
”და შემდეგ პუტინმა ჩემი ქმარი მოკლა, ალექსეი ნავალნი”, – თქვა პოლიტიკოსის მეუღლემ.
მისი თქმით, ერთი მხრივ, ყველა შოკირებულია, მაგრამ, მეორე მხრივ – დიდი დაბნეულობაა.
„ბევრი ფიქრობს, რომ პუტინის დამარცხება საერთოდ შეუძლებელია და სასოწარკვეთილნი ახლა მე მეკითხებიან: როგორ დაგეხმაროთო?”, – თქვა მან.
იულია ნავალნაიამ თქვა, რომ “შეუძლებელია, პუტინს სხვა რეზოლუციით ან სანქციების სხვა პაკეტით ტკივილი მიაყენო”. მან ევროპარლამენტის წევრებს მოუწოდა, „გამოიყენონ ის მეთოდები, რომლებიც გამოიყენება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის და არა – პოლიტიკური კონკურენციისთვის“: „არა დიპლომატიური ნოტები, არამედ რთული ფინანსური სქემების გამოძიება. არა შეშფოთების გამოხატვით, არამედ თქვენს ქვეყნებში მაფიის წევრების გამოვლენით, უხილავი ადვოკატებისა და ფინანსისტების ძებნით, რომლებიც პუტინს და მის მეგობრებს ფულის დამალვაში ეხმარებიან”.
ნავალნაიამ ამ საკითხში „სანდო მოკავშირედ“დაასახელა „ათობით მილიონი რუსი, რომელიც ეწინააღმდეგება პუტინს, იმ ომს, ბოროტებას, რომელიც მას მოაქვს“.
იულია ნავალნაია რუსებთან მუშაობისკენ და არა მათი დევნისკენ მოუწოდა.