უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, სომხეთი თავის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას რადიკალურად ცვლის და, როგორც ჩანს, აპირებს, ურთიერთობა ევროკავშირის მიმართულებით განავითაროს. ამის შესახებ მაისაიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაისაიამ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
“სომხეთმა “კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციაში” თავის წევრობა, ფაქტობრივად, შეაჩერა. სომხეთ- საფრანგეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები ძალიან ინტენსიური ხდება, განსაკუთრებით, სამხედრო- პოლიტიკური და სამხედრო ტექნიკური ურთიერთობები. ბოლო ინფორმაციით, ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები სომხეთის შეიარაღებული ძალების გარკვეულ ნაწილებს უკვე ამზადებენ.
ესეც იმაზე მიუთითებს, რომ სომხეთი თავის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას რადიკალურად ცვლის, მათ შორის, სამხედრო-პოლიტიკურ კონტექსტში. როგორც ჩანს, აპირებს, ურთიერთობა ჯერჯერობით ევროკავშირის მიმართულებით განავითაროს. თუმცა, ევროკავშირს ერთიანი სამხედრო თავდაცვის პოლიტიკა არ გააჩნია, მაგრამ თუნდაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის დამყარება და ამ მიმართულებით განვითარება ჩვენს რეგიონში უკვე საკმაოდ სერიოზული ცვლილების ნაირსახეობას წარმოადგენს. ამან შეიძლება, ჩვენთან ძალთა ბალანსი, სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს
სომხეთის პროდასავლურმა საგარეო პოლიტიკურმა ორიენტაციამ შეიძლება, რუსეთის – როგორც იტყვიან, კვლავ გავეშება გამოიწვიოს. რუსული მხარე ამაზე ისედაც უკვე მუშტებს იქნევს. კრემლისგან სომხეთის ხელმძღვანელობის მიმართ კონკრეტული მუქარები წამოვიდა. ალბათ, კულმინაციური წერტილი 3-4 მარტს უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის სომხეთში ვიზიტი იქნება. რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა აპირებს, პროვოკაცია მოაწყოს, ანუ აპირებენ, ზელენსკის ბორტი სომხეთის ტერიტორიაზე არ დაუშვან, ან მისი თვითმფრინავის გადაჭერა მოახდინონ. განცხადება რუსეთის ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობის სამხრეთის სარდალმა გააკეთა. მან თქვა, დროა, კონკრეტული ზომები მივიღოთ და უკრაინის პრეზიდენტის ვოიაჟი არ დავუშვათო. ასე რომ, მდგომარეობა კრიტიკულ ზღვრამდეა მისული. არაა გამორიცხული, რუსეთმა თავის პოტენციალი გამოიყენოს, რათა სომხეთში ისეთი სცენარი გაიმეოროს, როგორიც თავის დროზე მესამე რაიხმა უნგრეთში განახორციელა. მსმენელებს შევახსენებ, ეს 1944 წლის დეკემბერში მომხდარ მოვლენებს ეხება, როდესაც უნგრეთი აპირებდა, მესამე რაიხის სამხედრო -პოლიტიკური ალიანსიდან გამოსულიყო, ნაცისტურმა გერმანიამ კი უნგრეთში დისლოცირებული თავიანთი ნაწილების მეშვეობით სამხედრო გადატრიალება მოახდინა და თავის მარიონეტული ხელისუფლება მოიყვანა. ეს სცენარი შეიძლება, განმეორდეს, რადგან ჯერ ერთი, პუტინის რეჟიმი მესამე რაიხის რეჟიმს ძალიან წააგავს. სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტია დისლოცირებული. 2017 წელს რუსეთმა სომხეთ- რუსეთის კოალიციური დაჯგუფება შექმნა, სადაც სომხეთის მხრიდან მეხუთე საარმიო კორპუსის ნაწილები შედის, ხოლო რუსული მხარე 102-ე სამხედრო ბაზის მეშვეობითაა წარმოდგენილი.
სიტუაცია დინამიკურად დრამატულია. ფაქტია, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ პოლიტიკური ნება გამოიჩინა, კრემლის მითითებებს არ ეპუება, მოსკოვის პოლიტიკურ ნარატივებს ყურადღებას არ აქცევს. ცდილობს, რომ თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი შეიმუშაოს, შეცვალოს და დამოუკიდებლად განახორციელოს.
არ არის გამორიცხული, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო პროვოკაციები სამხედრო გადატრიალების განხორციელებისთვის ერთ-ერთი პრელუდიაც იყოს. სომხეთში საკმაოდ ძლიერი პრორუსული გავლენის ძალები კვლავ რჩებიან, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მოსკოვის პირდაპირ ხაზს გამოხატავენ. მოსკოვს, სამწუხაროდ, ბევრი ბერკეტი გააჩნია. მით უმეტეს, რომ სომხეთის ეკონომიკის დაახლოებით, 80% პირდაპირ რუსეთის ფედერაციასთანაა მიბმული, რუსეთი აკონტროლებს სომხეთის სარკინიგზო გადაზიდვების წყებას, მის ხელშია ელექტროენერგიის მომარაგების სისტემები. რუსული ბიზნესინტერესები სომხეთში ძლიერადაა წარმოდგენილი. ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. ასევე რუსეთს შეუძლია, სომხეთზე ჰიბრიდული შეტევები მოაწყოს.
ასე რომ, უახლოეს პერიოდში შეიძლება, ჩვენს რეგიონში სიტუაციის გართულებას ველოდოთ. აზერბაიჯანს და სომხეთს შორის ძალიან კარგი დიალოგი დაიწყო. რუსეთს კიდევ ის აღიზიანებს, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების სპონსორობა ევროკავშირმა აიღო. შარლ მიშელის მეშვეობით პირდაპირი მოლაპარაკება მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე განხორციელდა”, – განაცხადა მაისაიამ.