აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი პრაიმერი მოიგო, ამჯერად – მიჩიგანის შტატში.
ამის შესახებ სააგენტო AP იტყობინება.
ტრამპს პრაიმერიზები უკვე 5 შტატში აქვს მოგებული.
ტრამპის შტაბი მიზნად ისახავს, მიაღწიოს 1 215 დელეგატის მხარდაჭერის მოპოვებას, რაც მათ მარტის შუა რიცხვებში რესპუბლიკელთა ნომინაციის უზრუნველსაყოფად სჭირდებათ.
პარალელურად, ტრამპის ერთადერთმა კონკურენტმა – ნიკი ჰეილიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში თქვა, რომ ტრამპის კანდიდატად დასახელება აშშ-სთვის “თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება”.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, ჰეილიმ თქვა: “დონალდ ტრამპთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება მაქვს”.
პოლიტიკოსმა გაიხსენა, რომ მას ოთხ სხვადასხვა საქმეზე, როგორც ფედერალურ, ისე შტატების დონზე, 91 სისხლის სამართლის ბრალი აქვს წაყენებული.
„ეს საპრეზიდენტო კამპანია შესაძლოა, იყოს მისი გადარჩენის გზა, რომ გადაიხადოს იურიდიული მოსაკრებელი და თავი დააღწიოს რაიმე საშიშროებას, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყნისთვის თვითმკვლელობას ჰგავს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.