ბათუმში 6 წლის ბავშვზე, სავარაუდოდ, კლასელებმა იძალადეს – რა განმარტებას აკეთებს სკოლა

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს თანაკლასელებმა სცემეს და 6 წლის ბავშვს სხეულზე დაზიანებები აქვს.
აღნიშნულის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია მშობელმა გაავრცელა. მისი თქმით, 6 წლის ბავშვს თანაკლასელებმა ტანსაცმელი გახადეს და მასზე იძალადეს.

მშობლის თქმითვე, შვილი სკოლიდან სახლში ჩალურჯებებითა და ფიზიკური დაზიანებებით მივიდა. ის აცხადებს, რომ ბულინგის და ფიზიკური ძალადობის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ იცოდა, თუმცა, შემთხვევაზე დირექტორს რეაგირება არ ჰქონია.

რაც შეეხება სკოლის ადმინისტრაციას –
დირექტორი ამბობს, რომ შესვენებაზე დაპირისპირება იყო, თუმცა, ეს ძალადობა არ ყოფილა. სკოლაში არც იმას უარყოფენ, რომ პირველკლასელის ოჯახმა პოლიციას მიმართა და სამართალდამცველებმა სკოლის თანამშრომლები უკვე დაკითხეს.

სკოლის ფსიქოლოგი აცხადებს, რომ მშობელმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

“არასწორი ინფორმაცია გაავრცელა მშობელმა, გუშინ საგამოძიებო კომიტეტში განვიხილეთ თვითმხილველებთან ერთად ის ფაქტი, რაც მოხდა. მივედით დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე. სანამ გამოძიება არ დასრულდება, არ გვაქვს უფლება, რომ ვისაუბროთ დეტალებზე, ვინც ეს შეტყობინება დააფიქსირა, მან იცრუა”, – აცხადებს სკოლის ფსიქოლოგი.

დაზარალებული ბავშვი მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს.

პოლიცია საქმეს 126-ე მუხლით იძიებს, რაც არასრულწლოვანზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები