„ეს არის გაგრძელება იმ თანამშრომლობის, რომელიც გასულ წელს გაფორმდა ჩინეთთან. პირველი საქართველოს მხარის გადაწყვეტილება იყო – ჩვენ შარშან სექტემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც გავაუქმეთ მოკლევადიანი ვიზები ჩინეთის მოქალაქეებისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი, მეგობრული ნაბიჯი, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკურ პროგრესთან ჩვენს ურთიერთობებში. ეს აისახება, რა თქმა უნდა, მეტ ტურიზმში – ჩვენს ქვეყანაში მეტი ტურისტის უბარიეროდ შემოსვლაზე. შარშანვე იყო ამაზე საუბარი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც 2024 წლიდან ყოფილიყო უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჩინეთში, ასეც მოხდა”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ 30 დღის გატარება შეეძლებათ.
პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში უკვე ახლო მომავალში შევა, ამ ეტაპზე კი ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, ყოველგვარი ბარიერის გარეშე იმოგზაურონ ჩინეთში და ეს ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს.
„პირველ რიგში ეს იქნება სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ჩინეთში მიემგზავრებოდა, მაგრამ ეს არ იყო მარტივი. ვფიქრობ, რომ უვიზო მიმოსვლა ამ პროცესს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს, გაამარტივებს და საქართველოდანაც მეტი ვიზიტორი იქნება ჩინეთში. ეს ასევე კავშირშია ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის კიდევ უფრო წახალისებასთან. ჩვენ სულ ვსაუბრობდით ჩინეთის სხვადასხვა ავიაკომპანიასთან, რომ პირდაპირი ფრენები იყოს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებთან”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ჩინეთთან ურთიერთობის არსებული დინამიკა მიმდინარე წელს კიდევ უფრო გააქტიურდება, მომავალ წლებში კი პრაქტიკულ ეკონომიკურ შედეგებსაც მოიტანს საქართველოსთვის. ასევე, მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია კულტურული და ხალხთა შორის ურთიერთობების თვალსაზრისითაც.