თელავის სალოტბარო სკოლას კეთილმოწყობილი სივრცე გადაეცა

“სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თელავის სალოტბარო სკოლას ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში კეთილმოწყობილი სამუშაო სივრცე დაეთმო”, –  ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
“ახალი სამუშაო გარემო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თელავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ პაატა გულიაშვილთან, სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძესა და დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიასთან ერთად მოინახულა.
მინისტრმა თელავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა სალოტბარო სკოლისთვის სამუშაო ადგილის გამოყოფისთვის.
თეა წულუკიანი პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა, მოისმინა ახალგაზრდების მიერ შესრულებული მრავალხმიანობის საუკეთესო ნიმუშები, მიულოცა მათ ახალსახლობა და ამ ახალ გარემოში წარმატებული და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.
შეხვედრის დასასრულს თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ლოტბარებს – გოჩა და ბექა ბიძინაშვილებს, თელავის სალოტბარო სკოლის წარმომადგენლებს, ქართული მრავალხმიანობის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის გაწეული შრომისთვის.
ხაზგასასმელია, რომ 2023 წელს თეა წულუკიანმა კახეთში მოქმედი სალოტბარო სკოლები მოინახულა. მათ შორის ეწვია თელავის სალოტბარო სკოლას, მოისმინა ინფორმაცია სკოლის საჭიროებების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას სალოტბარო სკოლების განვითარების გეგმის შესახებ ესაუბრა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სკოლის დროებითი სივრცის საკითხზე და ამ მხრივ მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ინფორმაციისთვის: ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სალოტბარო სკოლა თელავში 2017 წელს გაიხსნა. ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას ბავშვებს კახური სიმღერის ცნობილი ლოტბარები – ძმები გოჩა და ბექა ბიძინაშვილები – ასწავლიან.
ამჟამად სკოლაში 10 მოსწავლე ირიცხება.
მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის იანვარში კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელ გიორგი დონაძესთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სალოტბარო სკოლების პედაგოგებთან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
მინისტრმა საქართველოში მოქმედი სალოტბარო სკოლების 65 პედაგოგთან – მათ შორის ლოტბარებსა და რეგენტებთან – ერთად განიხილა სკოლებისა და პედაგოგების გეგმები, მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ. განიხილეს ახალი პროექტებისა და ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები. სხვა საგულისხმო საკითხებთან ერთად ისაუბრეს სალოტბარო სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და ყველა მათგანში სწავლების ერთნაირი მეთოდისა და სტრუქტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე, ასევე სალოტბარო სკოლებს შორის მეტი ურთიერთობის თაობაზე.
როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეგიდით საქართველოში დღეს 32 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც უსასყიდლოდ არის შესაძლებელი ქართული მრავალხმიანი სიმღერებისა და საკრავებზე დაკვრის შესწავლა.
სალოტბარო სკოლების შექმნას ქართველმა მოღვაწემ, ანზორ ერქომაიშვილმა, ჩაუყარა საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროსთვის ქართული ფოლკლორის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია.
საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი შარშან ესტუმრა მესტიის, ლენტეხის, ამბროლაურის, ონის, ზესტაფონის, ხონის, ბორჯომის, ახალციხის, დუშეთის, სამტრედიის, კასპის, ქარელის, გორის, ყვარლის, თელავის, ოზურგეთის, ბაღდათის, ვანის, აბაშის, სენაკის, ზუგდიდისა და წალენჯიხის სალოტბარო სკოლებს, რის შედეგადაც, თბილისში დასკვნითი შეხვედრის მოწყობა გადაწყდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები