ბელარუსის ციხეში კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გარდაიცვალა
ქალაქ მოგილიოვის კოლონიაში 20 თებერვალს პოლიტპატიმარი და ბელარუსის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (BSDP) ყოფილი წევრი, იგორ ლედნიკი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ლედნიკს 3-წლიანი პატიმრობა “ლუკაშენკოს წინააღმდეგ ცილისწამებისთვის” ჰქონდა მისჯილი. რესპუბლიკაში ანალოგიური ბრალდებით ათობით პირი იხდის სასჯელს.
ადამიანის უფლებათა ცენტრ “ვიასნას” ცნობით, 63 წლის ლედნიკს, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მეორე ჯგუფის ინვალიდობა ჰქონდა, თუმცა, სასჯელი ძალაში დარჩა.
„პატიმრობაში იგორ ლედნიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა; მას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაცია გაუკეთდა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
აქტივისტის გარდაცვალების დეტალები და გარემოებები, ჯერჯერობით, უცნობია.
2020 წლის დასაწყისიდან ბელარუსის ციხეში ეს უკვე მეხუთე პოლიტპატიმრის გარდაცვალებაა.
გასული წლის ივლისში მხატვარი ალეს პუშკინი გარდაიცვალა, რომელსაც 5 წელი ჰქონდა მისჯილი.
2021 წლის მაისში შკლოვის კოლონიაში აქტივისტი – ვიტოლდ აშუროკი მოულოდნელად გარდაიცვალა.