კვლევა: ნიუ-იორკში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს
კოლუმბიური უნივერსიტეტისა და საქველმოქმედო ორგანიზაცია Robin Hood-ის ყოველწლიური კვლევის თანახმად, ნიუ-იორკში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს. წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 66%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ კვლევაზე დაყრდნობით ABC News-ი იტყობინება.
აღნიშნულია, რომ ნიუ-იორკში სიღარიბე სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც გავლენას ახდენს ქალაქის ყველაზე დაუცველ მაცხოვრებლებზე – ბავშვებზე. ნიუ-იორკელების ნახევარზე მეტი, მათ შორის, ბავშვების მეოთხედი სიღარიბეში ცხოვრობს ან აქვს დაბალი შემოსავალი.
მკვლევრებმა სამი თვის განმავლობაში 3000 ოჯახი დასაქმების, აქტივების, ვალების და ჯანმრთელობის შესახებ გამოკითხეს.
მთლიანად, 2021-2022 წლებში ქალაქში მცხოვრებთა სიღარიბის მაჩვენებელი 18%-დან 23%-მდე გაიზარდა, ხოლო სიღარიბეში მცხოვრებ ნიუ-იორკელთა რიცხვი – 1,5 მილიონიდან 2 მილიონამდეა გაზრდილი.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სიღარიბის მაჩვენებლებზე, მოიცავდა პანდემიის ეპოქის პოლიტიკის დასრულებას, როგორიცაა ბავშვისთვის დაწესებული შეღავათები და ფედერალური სტიმულირება.
ასევე, ხაზგასმულია სიღარიბის არაპროპორციული სურათი უმცირესობებსა და თეთრკანიან მაცხოვრებლებს შორის. კერძოდ კი, სიღარიბეში ლათინოამერიკული ოჯახების 26% ცხოვრობს, ხოლო თეთრკანიანი ოჯახების – 13%.
ასევე, გაზრდილია სიღარიბის მაჩვენებელი აზიელ მოსახლეობაში 24%-ით და შავკანიანთა ოჯახებში 23%-ით.
ამავე დროს, კვლევის მიხედვით, ქალებს უფრო ხშირად აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ თავიანთი ძირითადი მოთხოვნილებები.
სიღარიბე ნიუ – იორკში თითქმის ორჯერ აღემატება ეროვნული სიღარიბის მაჩვენებელს, რომელიც 12% შეადგენს.