კახა კახიშვილი: ვინ სად წავა, არ არის საინტერესო, მთავარია, რას ჩამოიტანს

გაეროს სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის მიწვევასთან დაკავშირებით ექსპერტმა კახა კახიშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საინტერესო არ არის, ვინ სად წავა, მთავარია, ვინ რას ჩამოიტანს. მისივე თქმით, თუ ვერ ხერხდება გადაწყვეტა, რომელ საერთაშორისო მიწვევას მიიღებს პრეზიდენტი და რომელს პრემიერი, შესაძლებელია, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.
„ხალხს ნაკლებად აინტერესებს, ვინ სად წავა. ხელისუფლებისგან მოსახლეობა მძიმე სოციალური პირობების გაუმჯებესებას ელოდება. თუ ავტომატურ რეჟიმში ვერ ხდება იმის გარკვევა, ვინ სად უნდა წავიდეს, ეს პრესის მეშვეობით არ უნდა გაირკვეს. ამისთვის შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც შევლენ პრეზიდენტის და პრემიერის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მიღებული ფორმაა, რომ ასეთ საკითხებს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილავენ. მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, როდესაც უწყებათშორისი მიმოწერები, ისე, რომ მეორე მხარემ არ იცის, ეგზავნება პრესას“,- განაცხადა კახი კახიშვილმა და აღნიშნა, რომ მთავარ პრობლემას მხარეებს შორის კომუნიკაციიის არარსებობა ქმნის.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს უპასუხა. როგორც საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მისთვის გაუგებარია საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ გაერომ სამიტზე მოსაწვევი მიხეილ სააკაშვილის სახელზე გამოგზავნა. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნისგან წერილი 25 თებერვალს მიიღო და ის გიორგი მარგველაშვილის სახელზეა გამოგზავნილი.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით კი, მიმდინარე წლის 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა კლიმატის სამიტზე მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი. რაც შეეხება მოწვევას და იმ ბრალდებას, თითქოს თებერვალში მიღებული მოწვევა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ივნისში გადაუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა მხოლოდ კლიმატის სამიტზე, საქართველოს მისიამ მიიღო 14 მარტს და ეს მოწვევა იყო მიხეილ სააკაშვილის სახელზე. ესეც აჩვენებს იმას, რამდენად ფორმალურია ეს მოწვევა. როდესაც მისიამ გაუგზავნა ინფორმაცია გაეროს იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა უკვე იყო გიორგი მარგველაშვილი, ამას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდა და 30 მაისს მიიღო საგარეო უწყებამ ახალი მოწვევა უკვე მარგველაშვილის სახელზე, რომელიც მას გადაეგზავნა 5 ივნისს, ანუ სულ რამდენიმე დღეში. ამ პერიოდში იყო შაბათ-კვირა და ამ მოწვევის გადაგზავნა არ შეფერხებულა. პარალელურ რეჟიმში საქართველომ მიიღო მოწვევა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დელეგაციას უხელმძღვანელებდა პრემიერ-მინისტრი. როდესაც ჩვენ გადავუგზავნეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კლიმატის სამიტზე ფორმალური მიწვევა, იქვე შევატყობინეთ, რომ გენერალურ ასამბლეაზე დელეგაცია მიემგზავრებოდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და, შესაბამისად, იგი უნდა დასწრებოდა ყველა გვერდით მოვლენას”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები