„ომის ლექსიკონი“ – უკრაინელი მწერლის, ოსტაპ სლივინსკის, წიგნის წარდგენა გაიმართება

20 თებერვალს, 19 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკრაინელი მწერლის – ოსტაპ სლივინსკის წიგნის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით,.ღონისძიება, გამომცემლობა „ინტელექტისა“ და საქართველოში უკრაინის საელჩოს ორგანიზებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის და ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით იმართება.
წიგნი გამოიცა „თარგმნე უკრაინის“ მთარგმნელობითი პროგრამის მხარდაჭერით და გაფორმებულია კატერინა ჰორდიენკოს ილუსტრაციებით. უკრაინულიდან თარგმნა თამთა გუგუშვილმა.
მოდერატორი: გვანცა ჯობავა.
როდესაც ომი იწყება, სიტყვები ზედმეტი ხდება – მოქმედებაა საჭირო. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ სიტყვებიც შეიცვალა, დაიშალა, ახალი მნიშვნელობა და ჟღერადობა შეიძინა. ოსტაპ სლივინსკის მოსმენილი და განცდილი ისტორიების ფრაგმენტებით დაიწყო და გახდა გზა მძიმე დანაკარგებისა და შეუქცევადობის, ტკივილისა და გამარჯვების რწმენის აღსაბეჭდად.
ოსტაპ სლივინსკიმ გულმოდგინედ შეაგროვა დოკუმენტური მასალა და ახალი ფორმა მისცა მას. იმ ადამიანთა შორის, ვისი ხმაც ისმის „ომის ლექსიკონში“, არიან ისინი, ვინც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და გაურკვევლობის წყვდიადში გადასულიყვნენ; მოხალისეები და მედიკოსები; ჯარისკაცები; სამოქალაქო აქტივისტები და ხელოვანები – ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, მაგრამ საერთო განცდებით და ერთი სულისკვეთებით გაერთიანებული ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც ომმა შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები