“ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობას ურტყამენ” – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, “სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე აფხაზეთი სხვადასხვა დაბრკოლებას აწყდება”.

ამის შესახებ ბჟანიამ ე.წ. გენერალური პროკურატურის კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე ისაუბრა, რომელიც ე.წ.პროკურატურის 2023 წლის მუშაობის შედეგებს მიეძღვნა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ყველას მიერ აღიარებული არ ვართ, ჩვენ მიმართ ხორციელდება როგორც ღია, ასევე დახურული ხასიათის არამეგობრული ქმედებები”, – თქვა მან.

ბჟანიას მიაჩნია, რომ “აფხაზეთში არსებობენ ძალები, რომლებიც “რუსეთთან ურთიერთობებს ურტყამენ“.

“ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ხელს უშლიან ჩვენს განვითარებას. ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც ურტყამენ ჩვენს ურთიერთობებს, პრაქტიკულად, ერთადერთ მოკავშირესთან”, – თქვა მან და პირველი ე.წ. პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სიტყვები გაიხსენა: „აფხაზური სახელმწიფოს არსებობა ორ ძალას ეფუძნება. ეს არის აფხაზეთის ხალხის ნება და რუსეთის მხარდაჭერა“.

ბჟანიას თქმით, ზოგს შესაძლოა, ეს მოსწონდეს და ზოგს – არა, მაგრამ ეს ფაქტია.

„ამ ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები და სინქრონიზებულია, იწყება გარკვეული საინფორმაციო შეტევა. ეს მიუთითებს კოორდინებულ მუშაობაზე აფხაზეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურების მიზნით. ამ კუთხით უფრო ეფექტური მუშაობაა საჭირო“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა საკუთარი ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობას.

ასევე, მან გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ “საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა სათანადოდ არ კონტროლდება”.

„საბიუჯეტო სახსრების მითვისების შემთხვევებია და ჩვენ არ ვიცით, როგორია სრული სურათი, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს კონტროლისა და აუდიტის დეპარტამენტი, კონტროლის პალატა, ხაზინა, გენერალური პროკურატურა, ეკონომიკური დანაშაულის დეპარტამენტი. ყველა ინსტიტუტი არსებობს, მაგრამ თანხების მოპარვის პროცესი ჯერ ბოლომდე არ შეჩერებულა. უსინდისობაა, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები ჩვენს პატარა სახელმწიფოში თანხების გაფლანგვაზე მიდიან. ეს მიუღებელია“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები