“უკრაინის კონფლიქტს მალევე მოვაგვარებ” – ტრამპმა პუტინს უპასუხა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაქო რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა შეერთებული შტატების ამჟამინდელ ხელმძღვანელთან, ჯო ბაიდენთან მუშაობა.
ამის შესახებ მან მხარდამჭერებს სამხრეთ კაროლინაში უთხრა.
“სინამდვილეში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დიდი კომპლიმენტი გამიკეთა. მან თქვა, რომ პრეზიდენტად ჯო ბაიდენი ურჩევნია, ვიდრე ტრამპი. ეს კომპლიმენტია”, – მიიჩნევს ტრამპი.
პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი ამ დამოკიდებულებას ხსნის იმით, რომ, ბაიდენის სუსტი ადმინისტრაციის პირობებში, რუსეთი „უკრაინას მიიღებს“.
ამავდროულად, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინთან „კარგი ურთიერთობა ჰქონდა”.
“როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ, დაუყოვნებლივ მოვაგვარებ კონფლიქტს რუსეთსა და უკრაინას შორის. ყველაფერი სწრაფად მოგვარდება”, – განაცხადა ტრამპმა.
მანამდე, პუტინმა თქვა, რომ რუსეთი მზადაა, იმუშაოს ამერიკელი ხალხის მიერ არჩეულ აშშ-ის ნებისმიერ პრეზიდენტთან, მაგრამ სასურველია, იყოს ბაიდენი, რადგან „ის უფრო გამოცდილი, პროგნოზირებადი ადამიანია, ის ძველი თაობის პოლიტიკოსია“.