აშშ-ის სენატმა უკრაინის და ისრაელის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა
ისრაელისა და უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც არ შეიცავს აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას, კონგრესის სენატში კიდევ ერთი პროცედურული კენჭისყრა გაიარა.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კანონპროექტს მხარი 67-მა სენატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 27 კანონმდებელი იყო. მომხრეთა შორის, დონალდ ტრამპის მოწოდებების მიუხედავად – 18 რესპუბლიკელი სენატორი იყო, რაც 8 თებერვალს გამართულ პროცედურულ კენჭისყრასთან შედარებით ერთით მეტია.
სენატორების ინიციატივის შემდგომი განხილვისთვის საჭირო იყო, სულ მცირე, 60 კანონმდებლის ხმა.
კანონმდებლების წინადადება გულისხმობს 95,3 მილიარდი დოლარის გამოყოფას, საიდანაც 60,06 მილიარდი დოლარი უკრაინის მხარდაჭერაა და 14,1 მილიარდი აშშ დოლარი ისრაელს უნდა მოხმარდეს. ასევე, მოიცავს ტაივანის მხარდაჭერას და პალესტინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის თანხების გამოყოფას. პროექტი არ მოიცავს სადავო დებულებას, რომელიც მექსიკასთან საზღვრის გამკაცრებას გულისხმობს, რაც რესპუბლიკელთა აზრით, არასაკმარისი ზომაა.
კონგრესის ზედა პალატაში კენჭისყრის დრო გამოცხადებული ჯერ არ არის.