დავით ზურაბიშვილი: სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა, გადადგეს და ჩაერთოს საარჩევნო პროცესში, რადგან დასაკარგი არაფერი ექნება, საკუთარი ბორკილების გარდა

“სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა, გადადგეს და ჩაერთოს საარჩევნო პროცესში, რადგან დასაკარგი არაფერი ექნება, საკუთარი ბორკილების გარდა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ზურაბიშვილი ინტერვიუში ოპოზიციასა და წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს.

“სალომე ზურაბიშვილი ორიგინალური და პრინციპული ადამიანია. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული, ხელისუფლების მაღალი წრეებიდან ის იყო ერთადერთი, რომელსაც მკაფიო პროდასავლური და პროუკრაინული პოზიცია ეჭირა. მან დიდი როლი ითამაშა კანდიდატის სტატუსის მიღებაშიც, მაგრამ აქვს თავისი მინუსებიც – დიდი ხანია, ვიცნობ, როგორც პოლიტიკოსს და ნაკლებად არის გუნდური მოთამაშე. კონსულტაციებს კი გადის, მაგრამ არავინ იცის, რას აპირებს. შესაძლოა, ჯერ არაფერი აქვს გადაწყვეტილი. იმ პოლიტიკოსების ადგილზე რომ ვიყო, ვინც მას ხვდება, შევეცდებოდი, მკაფიო პასუხები მიმეღო და ამის მიხედვით გადამეწყვიტა, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტთან ურთიერთობის ინტენსივობის ხარისხი. ერთია, როდესაც ხარ პოლიტიკაში და ფიქრობ პრეზიდენტთან ერთად ან პრეზიდენტის ეგიდით წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას, და მეორე, როცა ამას არ აპირებ. ასეთ დროს ტაქტიკები განსხვავებულია და ამიტომ ამის გარკვევას აუცილებლად შევეცდებოდი.

თუ ის ფიქრობს საარჩევნოდ გაერთიანების შექმნას, ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, წარმატებული იქნებოდა, თუკი შეძლებდა რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებას. პირველი – “ნაცმოძრაობა” და ის საკულტო ფიგურები, ვინც “ნაცმოძრაობასთან” არიან ასოცირებული, არ უნდა გაიკაროს. მაქსიმუმ, თუ იქნებიან “ნაცური” წარსულიდან ვიღაც-ვიღაცები, შეიძლება იყოს პერსონალურად რამდენიმე პირი და არა პარტიის სახელით. მაგალითად, მელიას ან გვარამიას პარტიასთან ერთად ყოფნა მისთვის წამგებიანი იქნება. თუ ზურაბიშვილი გადაწყვეტს გაერთიანების შექმნას, მისი მიზანი უნდა იყოს გაერთიანება, რომელიც წამოიყვანს “ოცნების” მომხრეების მოყოყმანე ან იმედგაცრუებულ ნაწილს, ან საზოგადოების იმ სეგმენტს, რომელსაც მიაჩნია, რომ “ოცნება” ნამდვილად აღარ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ “ნაცმოძრაობა” კიდევ უარესია, ან ნაკლებად უარესი არ არის. ამიტომაც, თუ პარტიულ დონეზე ფიქრობს ბლოკის გაკეთებას, მე მის ადგილზე შევეცდებოდი ერთად დამესვა ხაზარაძე და გახარია. ამ ფლანგზე ეს ორი პარტიაა ყველაზე მსხვილი. გახარიას პარტია უფრო რეიტინგულია, ხაზარაძე კი უფრო ფინანსურად ძლიერი.

დიახ, ხაზარაძის მესიჯბოქსი ძალიან ქაოსურია და ხშირად ემთხვევა “ნაცმოძრაობის” მესიჯბოქსს, მაგრამ თუ ასეთი გაერთიანება უნდა, კეთილინებოს და გადააწყოს. ასეთი ბლოკის მესიჯბოქსი უნდა იყოს პოზიტიური პროგრამა, ლოზუნგით “ჩვენ მოვალთ და გავაკეთებთ”, არა ის, რომ “ოცნება” ცუდია, ივანიშვილი ამდენ და ამდენ დღეში თუ კვირაში მოსკოვში იქნება და ა.შ. ამიტომ ვამბობ, არ გამოვა ასეთი გაერთიანება, რადგან ხაზარაძესა და “ლელოს” საქმე ძალიან გაფუჭებული აქვთ. თუმცა, თუ პრინციპულად შეიცვლიან ხედვას და შეცვლიან მესიჯბოქსს, შესაძლებელია გაერთიანების შექმნა გახარიასთან. არიან პატარ-პატარა პარტიებიც, ალეკო ელისაშვილის, ანა დოლიძის… ასევე შეიძლება გაერთიანდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ექსპერტები, რომლებიც არ არიან ასოცირებული “ნაცებთან”. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დიდი ერთობის შექმნის განცდა გაჩნდეს, ოღონდ მკაფიოდ არანაცურის. კიდევ ერთი საკითხია ჩრდილოვანი კაბინეტის მსგავსის შექმნა. მე მის ადგილას შევეცდებოდი წარმედგინა, მომავალში ვინ იქნება პრემიერი, მნიშვნელოვანი სამინისტროების ხელმძღვანელები და 4-5-კაციანი გუნდი შემექმნა, რომელიც ბევრად მიმზიდველი იქნებოდა ამომრჩევლისთვის, ვიდრე ახლანდელი კაბინეტი. ვფიქრობ, ასეთმა სინერგიამ – პრეზიდენტი, გახარია, ხაზარაძე, ექსპერტები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვა, მართლაც აქაჩოს 20%-მდე, თუ სწორად წაიყვანენ ყველაფერს. თუმცა არ ვარ დიდად ოპტიმისტურად განწყობილი, რადგან ამ ყველაფერში ყველაზე პრობლემურად “ლელოს” პოზიცია მიმაჩნია, რომელსაც გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე. მეორე მხრივ, სალომესთვისაც რთული იქნება, რადგან ასეთი გაერთიანება მოითხოვს კომპრომისებს და ეს რამდენად გამოუვა, ცოტა ხისტი ხასიათის გამო, არ ვიცი. გახარიაც აშკარად ორიენტირებულია ცალკე გასვლაზე და მათაც ცოტა გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე, თუმცა, 5%-იან ბარიერს გადალახავენ და ამას მივესალმები, რადგან მინდა პარლამენტში იყოს ერთი მკაფიოდ არანაცური ძალა მაინც.

თუ იქნება გაერთიანება “ლელოს” გარეშე, ეს ყველაზე მეტად “ლელოს” დააზარალებს. დააზარალებს სალომესაც და გახარიასაც. იმავეს ვიტყვი გახარიაზე – თუ სალომე პლუს “ლელო” იქნება გახარიას გარეშე, გახარიაც დაზარალდება ამით და სალომეც. თუმცა სულ არაფერს ეს ნაკლული ვარიანტი მაინც სჯობს. ჯერ ვერ ვხედავ იმ შანსს, რომელიმე პარტია რეიტინგით “ნაცმოძრაობის” დონეზე ავიდეს, მიუხედავად “ნაცმოძრაობის” მძიმე მდგომარეობისა. ჯერ არ ვიცით, გვარამია ცალკე შექმნის პარტიას თუ მელიასთან. თუმცა ერთად თუ გააკეთებენ, ნამდვილად გაუყოფენ ხმას “ნაცმოძრაობას”, ცალ-ცალკე კი წაართმევენ. ცხადია, “ოცნებას” ეს ნაკლებად აწუხებს, რადგან მისი მოყოყმანე ამომრჩეველი იქით ნაკლებად წავა. სააკაშვილი თავისი ინტერესიდან გამოდის, ამიტომაც გამოეხმაურა ინიციატივას, რადგან არცთუ უსაფუძვლოდ ფიქრობს, რომ თუ ვინმე მასთან რაიმე ფორმატში იქნება, ეს ვინმე შეავსებს “ნაცმოძრაობას” და არა პირიქით.

რაც შეეხება თქვენს კითხვას – “ანუ სააკაშვილს შეეშინდა პოზიციების დაკარგვის და არა ხმების?” – გპასუხობთ, ორივესი. “ნაცმოძრაობის” მომხრეებს პირობითად გავყოფდი ორ ნაწილად. ერთია ის ნაწილი, ვინც ძალიან მიშისტია, ანუ სადაც სააკაშვილია, იმას აძლევს ხმას, მაგრამ “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი მხოლოდ ეს არ არის და არცთუ ცოტაა ისეთი, ვისაც მართლა უნდა ხელისუფლების შეცვლა – ანუ არ იყოს ბიძინა არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ მიშა მოვიდეს, და თუ დაინახეს, რომ სალომეს გაერთიანებამ შეიძლება შეცვალოს ბიძინა, არ არის გამორიცხული, იქით წავიდნენ. გამსახურდიას მომხრეების დიდმა ნაწილმა 2003 წელს მხარი დაუჭირა სააკაშვილს, რადგან ჩათვალეს, რომ იყო ის ადამიანი, ვინც შევარდნაძეს გააგდებდა. შესაძლოა აქაც ეს ვარიანტი გათამაშდეს. ამიტომ ამომრჩევლის ნაწილი შესაძლოა დაკარგოს, მაგრამ, უფრო კონკურენტის გაჩენის და პოზიციების დაკარგვის შიში აქვს.

სალომე ზურაბიშვილი მე პირადად არსად წარმომიდგენია, გარდა პრეზიდენტობისა. მაგრამ თავისუფლად შეიძლება სწორედ ის გახდეს ოპოზიციის კანდიდატი, თუკი ოპოზიცია გაიმარჯვებს. მანამდე არ უნდა გადადგეს, რადგან მის რეიტინგში პრეზიდენტობას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს. იმ რისკზეც შეიძლება წასვლა, რომ არჩევნების წინ გადადგეს და პირადად ჩაერთოს საარჩევნო პროცესში, რადგან დასაკარგი არაფერი ექნება საკუთარი ბორკილების გარდა. თუ “ოცნება” დარჩება ხელისუფლებაში, მას პრეზიდენტად აღარ აირჩევენ, ამიტომ არ არის გამორიცხული, ასეთ რისკზე წავიდეს და ბოლო ერთ თვეში საარჩევნო კამპანიაში მისი მონაწილეობაც მნიშვნელოვანი იქნება – საზოგადოებას ეტყვის, ევროპული მომავლის გადასარჩენად მოვდივარო. კამპანიის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, არ იყოს ორიენტირებული “ოცნების” რუსეთის “მარიონეტობაზე”, რადგან “ოცნება” თუ რამე საშინელებას არ ჩაიდენს – და ეჭვი მაქვს, რომ არ ჩაიდენს – კამპანია “ბიძინა რუსეთია” არ იმუშავებს. ამიტომ კამპანია უნდა იყოს არა “ბიძინა რუსეთია”, არამედ “ჩვენ ვართ ევროპა და რეალურად ჩვენ მოგიტანთ ევროპულ მომავალს”. ამაში ამომრჩევლის დაჯერება სინერგიას შეუძლია, ცალ-ცალკე პარტიები კი მას ასეთ განცდას ვერ გაუჩენენ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები