თენგიზ შარმანაშვილი – “ალტერნატივა გერმანიისთვის” კითხვებზე: თუ სხვას სთხოვ გამჭვირვალობას, პირველ რიგში, შენ უნდა იყო გამჭვირვალე – ეს იქნება პრევენციაც, რომ ფარულად არ მოხდეს რევოლუციური პროცესებისა და დესტრუქციული ქმედებების დაფინანსება
“თუ სხვას სთხოვ გამჭვირვალობას, პირველ რიგში, შენ უნდა იყო გამჭვირვალე. ეს იქნება პრევენციაც, რომ ფარულად არ მოხდეს რევოლუციური პროცესებისა და დესტრუქციული ქმედებების დაფინანსება,“- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რევოლუციური პროცესების განვითარებას და ანტიკონსტიტუციური ქმედებების დაფინანსებას ხმარდებოდა თანხები.
“თუ სხვას სთხოვ გამჭვირვალობას, პირველ რიგში, შენ უნდა იყო გამჭვირვალე. ეს იქნება პრევენციაც, რომ ფარულად არ მოხდეს რევოლუციური პროცესებისა და დესტრუქციული ქმედებების დაფინანსება უცხო ქვეყნებს. GIZ ფინანსდება გერმანელი გადამხდელების ფულით, ეს არის ბიუჯეტის ფული. მათ ზოგადი ციფრები არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ კონკრეტული პროგრამები და რაში დაიხარჯა ეს ფული. ეს მოსალოდნელიც იყო, იმიტომ, რომ ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებდით, რომ ის გაცხადებული მიზნები, რომელიც აქვთ ხოლმე ასეთი ტიპის ორგანიზაციებს, როგორც წესი არ ემთხვევა ხოლმე იმას, რისთვისაც ეს ფული იხარჯება. უამრავჯერ დავრწმუნდით იმაში, რომ რევოლუციური პროცესების განვითარებას და ანტიკონსტიტუციური ქმედებების დაფინანსებას ხმარდებოდა ყველაფერი ეს,” – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების შემდეგ, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პარტია ამჯერად არასამთავრობოების საქმიანობით ინტერესდება და ფედერალურ მთავრობას 9 ახალი კითხვით მიმართავს.
“ალტერნატივა გერმანიისთვის” ითხოვს ინფორმაციას იმ არასამთავრობოებზე, რომლებსაც 2020 წლის შემდეგ, გერმანიის მთავრობისგან ფინანსური მხარდაჭერა აქვთ მიღებული – რა მიზნებს ემსახურებოდა, რა თანხები დაიხარჯა და რომელ პროექტებზე. გარდა ამისა, დეპუტატები ითხოვენ ინფორმაციას, რომელი ორგანიზაციები არიან დაახლოებული საქართველოს მთავრობასთან და ოპოზიციასთან და რა ფორმითაა გერმანიის საელჩო ჩართული ამ თანამშრომლობაში.