“საინტერესოა, გერმანიის ხელისუფლების პასუხი რა იქნება, როგორ ხედავენ ისინი, რეალურად, ყოფილი ელჩის საქმიანობას ჩვენთან” – მახაშვილი
“საინტერესოა, გერმანიის ხელისუფლების პასუხი რა იქნება, როგორ ხედავენ ისინი, რეალურად, ყოფილი ელჩის საქმიანობას ჩვენთან”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.
აღნიშნულით ის გერმანიაში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ დასმულ კითხვებს ეხმაურება.
“ძალიან კარგია, რომ საქართველო და ჩვენი ხმები არ არის მარტო ამ საქმეში. ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებულები და ამ კითხვებს ვერ გაეცემა პასუხები, თუ თავად გერმანელებმა არ დაუსვეს საკუთარ ხელისუფლებას ეს კითხვები. საინტერესოა, გერმანიის ხელისუფლების პასუხი რა იქნება, როგორ ხედავენ ისინი რეალურად ყოფილი ელჩის საქმიანობას ჩვენთან. ფაქტი ერთია, რომ ამ ელჩს ჰქონდა ძალიან ნეგატიური როლი საქართველოში პოლარიზაციის ხელშეწყობაში და იმედია, რომ ამას გადაიაზრებს და გააანალიზებს გერმანიის ხელისუფლება და შემდგომი ნაბიჯები, რასაც ისინი გადადგამენ, პირიქით შემოატრიალებს და დააბრუნებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს იმ წერტილში, რასაც იმსახურებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, “ალტერნატივა გერმანიისთვის” ითხოვს ინფორმაციას იმ არასამთავრობოებზე, რომლებსაც, 2020 წლის შემდეგ, გერმანიის მთავრობისგან ფინანსური მხარდაჭერა აქვთ მიღებული – რა მიზნებს ემსახურებოდა, რა თანხები დაიხარჯა და რომელ პროექტებზე.