“ბელგოროდთან ჩამოვარდნილ “ილ-76″-ში უკრაინელი სამხედროები არ იმყოფებოდნენ” – ალექსი დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის მახლობლად ჩამოვარდნილი “ილ-76”-ის ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები არ იმყოფებოდნენ.
ამის შესახებ მან გამოცემა Babel-თან ინტერვიუში თქვა.
“იყვნენ თუ არა იქ ტყვეები, დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ – არა”, – თქვა დანილოვმა.
რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი – “ილ-76” ბელგოროდის მახლობლად 24 იანვარს ჩამოვარდა.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ მასში 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომელთა გაცვლაც იყო დაგეგმილი. თუმცა, უკრაინული მხარე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ასევე, გაუგებარი იყო, რის შედეგად მოხდა ავიაკატასტროფა.
გასულ კვირას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომ თვითმფრინავი Patriot-ის სისტემიდან იყო ჩამოგდებული, რომელიც უკრაინას, რუსეთის შეჭრის ფონზე, დასავლეთის ქვეყნებმა გადასცეს.
დღეს New York Times-მა ამერიკულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ილ-76” მართლაც ჩამოაგდეს “პატრიოტის” გამოყენებით, თუმცა, იყვნენ თუ არა ბორტზე უკრაინელი სამხედროები – კვლავ უცნობია.