რადამ ლუსტრაციის კანონი მიიღო
უკრაინის რადამ დღეს ლუსტრაციის კანონი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება 231 ხმით იყო მიღებული. ლუსტრაციის კანონი სახელმწიფო თანამდებობების მქონე ან ამ პოსტებზე პრეტენზიის გამომხატველი პირების შემოწმებას ითვალისწინებს. ეს ეხება ყველა სახალხო დეპუტატს (პარლამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილის ჩათვლით), ყველა მინისტრს და მათ მოადგილეებს, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების ხელმძღვანელებს, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს, გენპროკურორს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ პირებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც მობილიზაციაზე არიან პასუხისმგებელნი, კონსტიტუციური სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ასევე მოსამართლეების უმაღლესი კვალიფიკაციის კომისიის წევრებს, შსს-ს ორგანოების ხელმძღვანელებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს. დოკუმენტი პრეზიდენტის და ამ პოსტზე პრეტენდენტების ლუსტრაციულ შემოწმებას არ ითვალისწინებს.