საბედისწერო დღე – უკრაინის რადამ მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღო

 

   უკრაინის რადამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა და დონბასისთვის 2 კანონი მიიღო. სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 381 დეპუტატიდან 355-მა კანონებს მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი – 0, 26-მა კი თავი შეიკავა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რადას წევრებმა, პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ და პრემიერმა არსენი იაცენიუკმა უკრაინის ჰიმნი იმღერეს. სხდომა ასევე ევროპარლამენტში, სტრასბურგში გაიმართა. ორივე პარლამენტს პირდაპირი კავშირი ვიდეოხიდის მეშვეობით ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ და ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს ხელი 21 მარტს მოაწერეს. ეკონომიკური ნაწილის ხელმოწერა მაშინ გადაიდო. სრულ შეთანხმებას პეტრე პოროშენკომ 27 ივნისს მოაწერა ხელი. რადამ დღეს კიდევ ორი დოკუმენტი – „ბოევიკების“ ამნისტიის და დონბასის განსაკუთრებული სატატუსის შესახებ კანონები დაამტკიცა. „უკრაინსკაია პრავდა“ დოკუმენტიდან ნაწყვეტს აქვეყნებს: „ამ კანონის შესაბამისად, დროებით, კანონის ამოქმედებიდან 3 წლის ვადით დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის განსაკუთრებული წესი ამოქმედდება“.
დონბასის რაიონების განსაკუთრებული სტატუსი, კანონის შესაბამისად, ხელისუფლების დეცენტრალიზაციას ნიშნავს. სახელმწიფო „დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე მოვლენების მონაწილე პირების სისხლის სამართლებრივი დევნის, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის და დასჯის პრევენციის გარანტიას იძლევა“. გარდა ამისა, აკრძალული იქნება „დისკრიმინაცია, დევნა და პირების პასუხისგებაში მიცემა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში განვითარებული მოვლენების გამო “. პროექტის თანახმად, რეგიონში არჩევნების ჩატარებაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, პროკურატურის და სასამართლოების ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნის განსაკუთრებული წესი ამოქმედდება. გარდა ამისა, კანონით ცალკეული რაიონების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების შეთანხმების გაფორმება იქნება შესაძლებელი. დოკუმენტით ასევე „თემთა შორის ცალკეული რაიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებს შორის მეზობლური ურთიერთობების გაღრმავებაა გათვალისწინებული“.

10695385_834393903267516_1851642635_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები