რა გახდა ლიფტში ქალის ჩავარდნის მიზეზი – “მოსახლეობა გაუმართავი ლიფტით მოძრაობდა”

 

    დიღმის მასივში, მე–6 კვარტლის 22ა კორპუსის ლიფტს, საიდანაც დღეს ხანშიშესული ქალბატონი შახტაში ჩავარდა, წლებია სარემონტო სამუშაოები არ ჩასტარებია. როგორც “კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ლიფტის კონსტრუქცია იმდენად მოძველებულია, რომ მისი .ე.წ კარი არ იკეტება და კორპუსის მცხოვრებლები ღია ლიფტით მოძრაობენ. დღეს ინციდენტის ადგილზე ამწე – სატრანსპორტო და წნევის ქვეშ მომუშავე ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ ელიაშვილი იმყოფებოდა. როგორც ელიაშვილი “კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლები შეგუებულნი იყვნენ ამორტიზებული ლიფტით სარგებლობას.
“აღნიშნული ლიფტი უკანასკნელად სამი წლის წინ გარემონტდა, რის შემდეგაც ეტაპობრივად მწყობრიდან გამოვიდა და მოსახლეობას ასეთი ლიფტით უწევდა და უწევს გადაადგილება. არც კერძო ხელოსანს შეურემონტებია“, – აცხადებს ოთარ ელიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიღომში 60 წლის ქალბატონი ლიფტის შახტაში ჩავარდა. ქალბატონი მეექვსე სართულზე იმყოფებოდა, როდესაც ბაგირი ჩაწყდა. დაზარალებული შახტიდან იგი მაშველებმა ამოიყვანეს. იგი ფეხის მრავლობითი მოტეხილობებითა და დაჟეჟილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები