მთავრობამ მუსლიმი მესხების რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ მუსლიმი მესხების რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტში, რომლის სრული სახელწოდებაა: “ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია”, მოცემულია ზოგადი დებულებები, რომლებიც რეპატრიანტთა ღირსეულ დაბრუნებასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ეხება. თუმცა, ხელისუფლება ასევე აპირებს სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც უკვე კონკრეტულ მექანიზმებს, ქმედებებსა და პროცედურებს გაწერს. როგორც სტრატეგიაშია ნათქვამი, რეპატრიანთა ღირსეული დაბრუნება გულისხმობს რეპატრიანტების მაქსიმალურ ინფორმირებულობას და მათ ახალ სამართლებრივ გარემოში ადაპტირებას. ამ მიზნით განსაზღვრულია რეპატრიანტთა საჭიროებების შესწავლა, რეგიონებში არსებული რესურსების იდენტიფიცირება, რეპატრიანტთა ინფორმირებულობა, აუცილებელი სამართლებრივი თუ საყოფაცხოვრებო საკითხების შესახებ ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დროს, რეპატრიანტთა მიერ პირადი დანიშნულების ნივთების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეღავათიან პირობებში გადმოტანის მიზნით, შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავება. რაც შეეხება მუსლიმი მესხების ინტეგრაციის ხელშეწყობას, სტრატეგია მიუთითებს მუსლიმი მესხების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობის აუცილებლობაზე.
“საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეპატრიანტთა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და ქართული საზოგადოების მულტიკულტურიზმის ტრადიციების გაზიარება. მიზანშეწონილია, შესაბამისი კულტურული პროგრამების შემუშავება და ინიცირება”, – ნათქვამია სახელმწიფო სტრატეგიაში.
ცნობისთვის, 1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას საქართველომ აიღო ვალდებულება 1944 წელს ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ბოგდანოვკის რაიონებიდან, ასევე აჭარის ასსრ-დან გასახლებულ მოქალაქეთა დაბრუნების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები