ახალციხის მუნიციპალიტეტში პრიორიტეტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა უკვე გაიმართა აწყურისა და აგარის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრებზე თისელის, ტყემლანის, აწყურის, საყუნეთის, ზიკილიის, აგარისა და წინუბნის მაცხოვრებლებმა, ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვიტეს თუ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
მიმდინარე წელს პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 ათასი ლარი გამოეყო. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.
დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მუნიციპალიტეტის 46 დასახლებაში საერთო კრება ან კონსულტაცია, წინასწარ შედგენილი გრაფიკით ტარდება. პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, საყრდენი კედლის, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა. შერჩეული პრიორიტეტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო-სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები