WSJ: რუსეთში ავიაინციდენტები გაორმაგდა

რუსეთში 2023 წელს ყოველ 100 000 გაფრენაზე 9,9 ინციდენტი ფიქსირდებოდა, რომელიც საავიაციო უსაფრთხოებასთან იყო დაკავშირებული.

The Wall Street Journal-ის ​ანალიტიკოსების ინფორმაციით, 2022-თან და პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ორჯერ არის გაზრდილ – მაშინ 5 და 4,5 შემთხვევა იყო.

საქმე ისაა, რომ დასავლეთის სანქციებმა გავლენა მოახდინა რუსეთის უნარზე, შეიძინოს თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილები, აწარმოოს კრიტიკული პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები და განახორციელოს თვითმფრინავების სათანადო ტექნიკური მომსახურება.

გამოცემას, ასევე, მოჰყავს გერმანული პორტალ Jacdec-ის მონაცემი, რომელიც აგროვებს ინფორმაციას 19- და მეტადგილიანი თვითმფრინავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტებზე – „გასულ წელს, დაახლოებით, 74 ინციდენტი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2022 წელს – 36 იყო“.

„მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტების უმეტესობას არ მოჰყვა სერიოზული დაზიანებები ან ავარიები, უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ მუდმივი მექანიკური გაუმართაობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მგზავრების უსაფრთხოებას და ზრდის პილოტებზე დატვირთვას, რამაც შესაძლოა, უფრო სერიოზული ინციდენტები გამოიწვიოს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ექსპერტების აზრით, რომლებიც რუსეთზე სანქციების გავლენებს აკვირდებიან, ის განსაკუთრებით მწვავედ განიცდის შასის და მუხრუჭების დეფიციტს და იძულებულია თვითმფრინავები ირანში ტექმომსახურებისთვის გაგზავნოს.

კიდევ ერთი პრობლემაა  ბორბლების შეკეთების დროს საბურავების შედუღების ტექნოლოგიური სიახლეების ნაკლებობა და დაბალი ხარისხის ყინვაგამძლე რეაგენტების გამოყენების ცალკეული შემთხვევები, რომლებიც, ასევე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტებს იწვევდნენ.

„ამავდროულად, სიმულატორის ნაწილების დეფიციტი ახალი პილოტების მომზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ჩატარების უნარს აქვეითებს”, – ნათქვამია WSJ-ს სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები