ექიმი-ნარკოლოგი: კლუბურ ნარკოტიკებზე ამბობენ, “ექსტაზიაო”, სინამდვილეში კი კაცმა არ იცის, რას მოიხმარენ – უფროსკლასელებში მაღალია მარიხუანის მოხმარება

“კლუბურ ნარკოტიკებს რაც შეეხება, ამბობენ, “ექსტაზიაო”, სინამდვილეში კი კაცმა არ იცის, რას მოიხმარენ. ხშირად საქმე გვაქვს ისეთ მომხმარებლებთან, რომელთაც დამოკიდებულება არ აქვთ ჩამოყალიბებული და მცირე დოზამაც შეიძლება მძიმე შედეგი გამოიწვიოს. კლუბში ნარკოტიკულ საშუალებას ხშირად ალკოჰოლიან სასმელთან ერთად იღებენ და, მით უმეტეს, როცა ორგანიზმი ტოლერანტულია, მძიმე გართულებების რისკი გაცილებით მაღალია”,- ამის შესახებ ექიმი-ნარკოლოგი, კლინიკა “ნეოგენის” დირექტორი დავით ვადაჭკორია “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, უფროსკლასელებში მაღალია მარიხუანის მოხმარება და ხშირად ამით იწყება უფრო მძიმე ნარკოტიკებზე გადასვლა.

“ბოლო ხანებში არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც ინტრავენურ მომხმარებელთა რაოდენობას დაადგენდა, მაგრამ ეს რიცხვი 50 ათასის ფარგლებშია. რაც შეეხება ზედოზირებას, ობიექტური სტატისტიკა არა გვაქვს. წლებია ვამბობ, რომ გაცილებით რადიკალური ზომებია საჭირო. სახელმწიფო დონეზეა მისაღები ზომები – უნდა შეიქმნას სტრუქტურა, კომისია, რომელიც კომპლექსურად მიუდგება ამ პრობლემას. უნდა დავიწყოთ სკოლის ასაკში პრევენციიდან, გაგრძელებული ნარკოტიკების შემოდინების შემცირებით, ზიანის შემცირების ღონისძიებების ჩატარებით, რეაბილიტაცია-მკურნალობით და სხვა. ეს დიდ ფულსაც ითხოვს, მაგრამ რა გაეწყობა? ეს არა მარტო ჩვენი, მსოფლიოს პრობლემაა. აშშ-ში დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ 2022 წელს ქვეყანას ნარკოტიკების პრობლემასთან ბრძოლა ტრილიონ-ნახევარი დოლარი დაუჯდა. ყველაზე დიდი საშიშროება (რაც, საბედნიეროდ, ჯერ ჩვენამდე მასშტაბურად არ არის მოსული) არის სინთეტიკური ოპიოიდების მოხმარება, როგორიცაა ფენტანილი, რომელიც ევროპა-ამერიკასა და კანადაში უდიდეს პრობლემად იქცა. მისი შექმნა ძალიან იაფია, სულ რაღაც 20-30 კვმ ფართობი სჭირდება, სადაც შეიძლება სიტყვაზე, კილოგრამი ფენტანილის შექმნა ქიმიური ინგრედიენტების გამოყენებით. 1 კგ სუფთა ჰეროინის მისაღებად 2-3 სტადიონისხელა ტერიტორიაზე უნდა გქონდეს ყაყაჩო დათესილი. ფენტალინი 50-ჯერ ძლიერია, ვიდრე ჰეროინი, და წარმოიდგინეთ, რა დიდი შანსია, რომ მან თანდათან ჩაანაცვლოს ჰეროინი.

გაცილებით მძიმეა ფენტანილით ზედოზირება და გაცილებით მაღალია გარდაცვალების რისკი. დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოწვევა ფენტანილია. ჩვენთან ოპიოიდური კრიზისის გარდა, უდიდესი პრობლემაა მეტამფეტამინური კრიზისიც, ჰიბრიდული მარიხუანის მოხმარება, რაც ხშირად ერთ-ერთი მიზეზია ახალგაზრდებში ბოლო პერიოდში გახშირებული სუიციდის. ასეთი პატარა ქვეყნისთვის ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც უმაღლეს დონეზე უნდა იყოს განხილული და ადეკვატური ზომები მიღებული. ინტერნეტმა ხომ საერთოდ გაართულა წყაროს პოვნა. ზედოზირების რისკი ძალიან მაღალია, გაცილებით რთულია ზედოზირების მოხსნაც. ფენტანილი პირდაპირ თრგუნავს სუნთქვის ცენტრს, გულსისხლძარღვთა სისტემის რეგულაციის ცენტრს და მყისიერი ზომები თუ არ იქნა მიღებული, ძალიან სწრაფად დგება ლეტალური გამოსავალი – აშშ-ში ერთ წელიწადში 120 ათასი კაცი გარდაიცვალა.

კლუბურ ნარკოტიკებს რაც შეეხება, ამბობენ, “ექსტაზიაო”, სინამდვილეში კი კაცმა არ იცის, რას მოიხმარენ. ხშირად საქმე გვაქვს ისეთ მომხმარებლებთან, რომელთაც დამოკიდებულება არ აქვთ ჩამოყალიბებული და მცირე დოზამაც შეიძლება მძიმე შედეგი გამოიწვიოს. კლუბში ნარკოტიკულ საშუალებას ხშირად ალკოჰოლიან სასმელთან ერთად იღებენ და მით უმეტეს, როცა ორგანიზმი ტოლერანტულია, მძიმე გართულებების რისკი გაცილებით მაღალია. არის რისკი, რომ ზოგ ნარკოსაშუალებებში ფენტანილიც იყოს გარეული. 5-6 წლის წინ იყო შემთხვევა, როცა კლუბში ერთ დღეს რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა. მაშინ გამოვთქვი ეჭვი, შესაძლოა ფენტანილი იყო-მეთქი და დადასტურდა კიდეც. უფროსკლასელებში მაღალია მარიხუანის მოხმარება. არადა, ხშირად ამით იწყება უფრო მძიმე ნარკოტიკებზე გადასვლა. კარგია, რომ ლიბერალიზაცია მოხდა, მომხმარებელი ნარკომოხმარებისთვის არ უნდა დაიჭირო, თუმცა ამან ბევრს ისეთი ასოციაცია გაუჩინა, ე.ი. არ ყოფილა ასეთი საშინელებაო. თუმცა ბევრი აცნობიერებს ზიანს, ითხოვს დახმარებას მარიხუანისგან თავის დაღწევისთვის. უმაღლეს სახელმწიფოებრივ დონეზეა საჭირო ამ პრობლემებზე მუშაობა”, – აცხადებს ვადაჭკორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები